geo eng
ნიკა გაბისონიას წარმატების ისტორია

2019-02-13

„ლაბორატორიებში მუშაობა საინტერესოა მათთვისაც კი, ვისაც სწავლა ცოტა მოსაბეზრებელი ეგონა. ვიზუალურად ხედავ ყველაფერს, პრაქტიკით სწავლობ და ასე უფრო მარტივია,“- მე-11 კლასელი ნიკა გაბისონია.

ნიკა გაბისონია რუსთავის მე-4 საჯარო სკოლის მე-11 კლასელია. ჯერ კიდევ მე-7 კლასში მათემატიკაში ოლიამპიადის გამარჯვებულთა სამეულში მოხვდა. როგორც თავად აღნიშნავს, მის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი სკოლამ ითამაშა.

„მასწავლებლები სულ გვეუბნებიან, რომ მთავარი გამოცდილებაა, რომელსაც ასეთ აქტივობებში მონაწილეობით იღებ და მართლაც ასეა. თუ ამას შედეგიც მოჰყვება, ეს მოტივაციას მეტად ზრდის და საკუთარი შესაძლებლობებისადმი რწმენას გაძლევს. ახლა ეროვნულ ოლიმპიადაში ვმონაწილეობ. გეოგრაფიასა და ქიმიაში მეორე ტურში გადავედი,“- გვიყვება ნიკა გაბისონია.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, რეაბილიტაციის შემდეგ, ახალი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიითაც აღჭურვა მისი სკოლა.

სწავლის პარალელურად, ნიკა სპორტითაცაა დაინტერესებული. ახარებს, რომ სკოლაში უკვე კეთილმოწყობილი სპორტდარბაზიც აქვთ, რაც თავის მხრივ ბავშვებს ჯანსაღ ცხოვრებისა და სპორტით დაინტერესებისკენ უბიძგებს.

„ყველაზე დიდ სპორტულ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ქვემო ქართლში სკოლებს შორის კალათბურთში ჩატარებული ჩემპიონატი, სადაც ჩვენი სკოლა პირველ ადგილზე გავიდა. ჯერ რუსთავი მოვიგეთ, შემდეგ ქვემო ქართლი“- ამბობს ნიკა გაბისონია.