geo eng
,,ეს ტრენინგები საგზაო ნიშნებივითაა - სწორი მიმართულების არჩევის საშუალებას იძლევა“ – პედაგოგის ისტორია ფოთიდან

2019-01-17

,,იდეალურია მასწავლებელი, რომელსაც უზომოდ უყვარს ბავშვი, თავისი საგანი და რადგან აქვს ამბიცია ასწავლოს, თავადაც არასდროს წყვეტს სწავლა-განვითარებას,“-ასე იწყებს საუბარს ფოთის მე-11 საჯარო სკოლის ბიოლოგიის პედაგოგი ირმა ცომაია.

იმისთვის, რომ სწავლა-განვითარების პროცესი არ შეწყვიტოს, არასდროს უშინდება სიახლეებს - სწორედ ამ იდეით გაიარა ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ ორგანიზებული STEM-ის საგნების (საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური მეცნიერებები)  მასწავლებელთა გადამზადების 5-კრედიტიანი ტრენინგიც.

მიიჩნევს, რომ განათლების სფერო მუდმივად ვითარდება, სწორედ ამიტომ არის ჰაერივით აუცილებელი გადამზადების პროგრამები, მით უმეტეს, საბუნებისმეტყველო საგნების პედაგოგებისთვის იმ ფონზე, როდესაც ამ მიმართულებებისადმი მოსწავლეთა ინტერესი საკმაოდ დაბალია.

როგორც ირმა ცომაია ამბობს, ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ ტრენინგები საშუალებას იძლევა ახლებური მიდგომები შესთავაზონ მოსწავლეებს, რათა მათ ცოდნის ყოფით ცხოვრებაში გამოყენების შესაძლებლობა დაინახონ.

მომავალი თაობის აღზრდაში საკუთარი წვლილის შეტანის ამ შესაძლებლობას ფოთის მე-11 სკოლის პედაგოგი სხვადასხვა ფორმალური თუ არაფორმალური აქტივობით ახერხებს.

მისი კურატორობით სკოლაში ეკოკლუბი ფუნქციონირებს. ამ კლუბის ფარგლებში, მოსწავლეებთან ერთად მოიძია კოლხური ბზა და დააკალმა.  მიზანი იყო ენდემური, წითელ ნუსხაში შეტანილი მცენარეების გადარჩენა. მოსწავლეებმა პრაქტიკულად შეძლეს მცენარის ვეგეტატიური გამრავლება.

გარდა ამისა, პედაგოგის ძალისხმევით, გასვლითი გაკვეთილებიც ეწყობა -მაგალითად, ეკოკლუბის წევრები კოლხეთის ეროვნულ პარკს ეწვივნენ.  ეკოკლუბის ინიციატივით, სკოლაში დაიწყო აქცია  „არა პოლიეთილენის პარკებს!“

როგორც პედაგოგი ამბობს, ამ და სხვა აქტივობების წყალობით, მოსწავლეები მეტად არიან მოტივირებული საგაკვეთილო პროცესის დროს  და 21-ე საუკუნის უნარებსაც იძენენ.

მასთან ერთად, გადამზადების საშუალება ცხრა პედაგოგს მიეცა, რამაც, მისი აზრით, თითოეულ მათგანს დაანახა ცვლილებების საჭიროება და აუცილებლობა. ,,ეს ტრენინგები საგზაო ნიშნებივითაა - სწორი მიმართულების არჩევის საშუალებას იძლევა,“ - აღნიშნავს ირმა ცომაია.

ირმა ცომაია იმედოვნებს, რომ STEM-ის მიმართულებაზე აქცენტი კიდევ უფრო გაიზრდება, რაც მოსწავლეებში ინტერესის ზრდას შეუწყობს ხელს. მსგავსი პროექტები კი  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რათა წახალისდნენ არა მხოლოდ მოსწავლეები, არამედ  მასწავლებლებიც.