geo eng
ანა ჭკადუას წარმატების ისტორია

2018-12-20

მესტიის რაიონის სოფელ ლახამულას საჯარო სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე ანა ჭკადუა  საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მალე პრაღაში გაემგზავრება.

ანა ამბობს, რომ მისი წარმატება სკოლაში მიღებულ ინგლისური ენის ცოდნას უკავშირდება. მისი თქმით ლახამულას სკოლის აკადემიური წარმატებები დირექტორის, ნაზი საბანაძის დამსახურებაა: „დაახლოებით მე-5 კლასში ვიყავი, როცა სკოლის დირექტორის ინიციატივით, პირველ ოლიმპიადაში მივიღე მონაწილეობა. მაშინ დიდი წარმატებისთვის არ მიმიღწევია, თუმცა, ასე დაიწყო ჩემი სწრაფვა განვითარებისკენ“.

სამომავლო გეგმებზე საუბრისას, ანა ჭკადუა დანანებით აღნიშნავს, რომ  ლახამულაში მხოლოდ ერთი სკოლაა, რომელიც მხოლოდ საბაზო განათლებას იძლევა. „იცლება სოფელი,“ - ამბობს ანა და წუხს, რომ სოფლის დატოვება თავადაც მოუწევს. მანამდე, კი ცდილობს ისეთ პროექტებში ჩაერთოს, რომლის საშუალებით თემს და სკოლას სარგებელს მოუტანს.

„მონაწილეობას ვიღებ ახალგაზრდულ პროექტში, რომლის ფარგლებში ჩვენს თემში არსებულ პრობლემებზე ვმუშაობთ. მაგალითად, ჩვენს სოფელში ბავშვებს არ აქვთ ნორმალური სათამაშო მოედანი, კიდევ ერთი პრობლემა სკოლას უკავშირდება, გვაქვს ბიბლიოთეკა, თუმცა, მას ახალი წიგნებით შევსება სჭირდება. პროექტის განხორციელებისას, წიგნები რაიონის მაცხოვრებლებმა გამოგვიგზავნეს,“- ამბობს ანა ჭკადუა.

_________

სვანეთის მაღალმთიანი სოფლის, ლახამულას საჯარო სკოლის უწყვეტი ფუნქციონირება სკოლის დირექტორის, ნაზი საბანიძის დამსახურებაა. ნაზი საბანიძე მეზობელ სოფლებში მცხოვრებ მოსწავლეებსა და კოლეგებს, რომლებსაც სკოლამდე კილომეტრების გავლა უწევთ, საკუთარ სახლში აზამთრებინებს.  

ნაზი საბანიძე ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების გრძელვადიან პროექტ ლიდერობის აკადემიაშია ჩართული.

ლიდერობის აკადემიის მიზანია  მასწავლებლების, დირექტორებისა და სკოლების ბაზაზე შერჩეული ფასილიტატორების პროფესიული განვითარებაა. ლიდერობის აკადემია სამი საფეხურისგან შედგება და ის 2019 წლამდე გაგრძელდება. პროფესიული განვითარების პროგრამის წარმატებით დასრულება სკოლის დირექტორებს დაეხმარება გააუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა შემდეგი მიმართულებებით:

✔ დროის, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა; 
✔ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა; 
✔ სასწავლო თემების განვითარება; 
✔ სკოლაში ინოვაციური და ინტერაქტიული მეთოდების დანერგვა; 
✔ გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა.