geo eng
„შეშით ვთბებოდით, წვიმა ჩამოგვდიოდა, სკოლის რეაბილიტაციამ მოტივაცია აგვიმაღლა“- ზერტის საჯარო სკოლის დირექტორი

2018-11-18

თანამედროვე სტანდარტებით რეაბილიტირებული სკოლა სპორტდარბაზით, სამეცნიერო ლაბორატორიით, გადამზადებული პედაგოგებით - ეს გორის რაიონის სოფელი ზერტის საჯარო სკოლაა.

სოფელი ზერტი საოკუპაციო ზოლიდან ხუთ კილომეტრში მდებარეობს და იქ სწავლის შესაძლებლობა ე.წ. საზღვრისპირა სოფლის ბავშვებსაც აქვთ. როგორც სკოლის დირექტორი ჯუმბერ ტერუნაშვილი ამბობს, მეზობელ სოფელ კირბალში, რომელიც საოკუპაციო ზოლისპირა სოფელია, მხოლოდ საბაზო განათლებაა ხელმისაწვდომი. შესაბამისად, კირბალის სკოლის მოსწავლეები ზერტის სკოლაში განაგრძობენ საშუალო განათლების მიღებას.

ზერტის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით აღჭურვა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი- საქართველოს დაფინანსებით განხორციელდა.

„2016 წლამდე ძალიან ცუდი მდგომარეობა იყო. შეშით ვთბებოდით. კარი, ფანჯრები, სახურავი მოუწესრიგებელი იყო. საკლასო ოთახებში წვიმა ჩამოგვდიოდა,“- იხსენებს ჯუმბერ ტერუნაშვილი.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ და სკოლის ლაბორატორიით აღჭურვამ მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოტივაციაზეც იქონია გავლენა.

„სპორტული ოლიმპიადების გამარჯვებულები გვყავს, არიან რეგიონის ჩემპიონებიც,გვყავს ვერცხლის მსოფლიო ჩემპიონი გოგონა ჭიდაობაში, ასევე, ბიჭებს აქვთ სპორტული წარმატებები. რაც შეეხება აკადემიურ მხარეს, ვამაყობთ, რომ ჩვენი სკოლის მოსწავლეები წარმატებით განაგრძობენ სწავლას პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში.“ - ამბობს ჯუმბერ ტერუნაშვილი.

სკოლის დირექტორი ამბობს, რომ მასწავლებელები გადამზადების შემდეგ ცდილობენ ახლებური, თანამედროვე მეთოდები შესთავაზონ მოსწავლეებს, შედეგად,  სწავლების ხარისხი თვალსაჩინოდ უმჯობესდება.  სკოლის მასწავლებლებმა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მასწავლებელთა გადამზადების პროგრამა გაიარეს.

 

_________________________

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველოს“ ზოგადი განათლების პროექტის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი აქტივობები:

 საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და აღჭურვა (რეგიონების სკოლებში 140-ზე მეტი დასახელების აღჭურვილობაა შეტანილი);

 მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარება (გადამზადდა ყველა მსურველი STEM-ის, ინგლისური ენის და გეოგრაფიის 17,000-ზე მეტი პედაგოგი);

 საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობისა და ოპერირების სისტემის შემუშავება-დანერგვა (საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის პროგრამის წამახალისებელი ფონდის მთლიანი მოცულობაა 5 მილიონი აშშ დოლარი)

ეროვნული და საერთაშორისო შეფასებების ხელშეწყობა.

ამ დროისთვის ათასწლეულის გამოწვევის ფონდი -საქართველოს მხარდაჭერით რეაბილიტირებულია 65 საჯარო სკოლა, რის შედეგადაც სასაწავლო გარემო გაუმჯობესდა რეგიონებში მცხოვრები 28,000-მდე მოსწავლისთვის