geo eng
მერი პიტიურიშვილის წარმატების ისტორია

2018-12-12

„არ გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ სასწავლო პროცესში მოსწავლეებისთვის პრაქტიკულად გვეჩვენებინა ის, რასაც თეორიულად ვასწავლიდით. ამის გამო, მოსწავლეები საგაკვეთილო პროცესში ნაკლებად იყვნენ ჩართულნი. ახლა, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სკოლის სრული რეაბილიტაციისა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვის შემდეგ, ბევრად უფრო ინტერაქციულ და საინტერესო გაკვეთილებს ვატარებთ.“ - ამბობს თელავის N9 საჯარო სკოლის მასწავლებლი, მერი პიტიურიშვილი.

ქალბატონი მერი თელავის N9 საჯარო სკოლაში დაარსების დღიდან, 1995 წლიდან ასწავლის ქიმიას. ცდილობს, საკუთარი ძალების მაქსიმუმი ჩადოს საგაკვეთილო პროცესში და ბავშვებს ეს საგანი კიდევ უფრო შეაყვაროს. ახლა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სკოლის საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვის შემდეგ, უფრო მაღალ შედეგებს ელოდება მოსწავლეებისგან და სჯერა, რომ ასეც მოხდება.

მერი პიტიურიშვილი „ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ საჯარო სკოლების მასწავლებელთა და დირექტორთა პროფესიული განვითარების პროგრამაშია ჩართული. ამბობს, რომ ტრენინგები მისთვის ძალიან საინტერესო, საჭირო და ინფორმაციული აღმოჩნდა.

მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და გადამზადების პროგრამა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით უკვე 17 ათასზე მეტმა პედაგოგმა გაიარა. პროგრამის მიზანი მოსწავლეზე ორიენტირებული გარემოს შექმნა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაა.

ქვემო ქართლსა და კახეთში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებულ 28 სკოლას შორის, ერთ-ერთი სწორედ თელავის N9 საჯარო სკოლაა.

2018-2019 სასწავლო წელს, სასკოლო გარემო 13 000-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ჯამში, საქართველოს რეგიონებში 91 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციასა და საბუნებისმეტყველო  ლაბორატორიებით აღჭურვას ახორციელებს.