geo eng
38 წელი დირექტორის ამპლუაში და ბრძოლა ლიდერობისთვის - იოანე მინჩხის სკოლის წარმატების ისტორია

2018-11-30

შორენა ახვლედიანი 38  წელია სკოლის დირექტორი და, ამავდროულად, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია. მისთვის მასწავლებლობა ნიშნავს უდიდეს პასუხისმგებლობას არა მარტო საკუთარი თავის, არამედ - ქვეყნის წინაშეც.

 შორენა ახვლედიანის აქტიური მხარდაჭერით,  იოანე მინჩხის სკოლა ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” არაერთ პროექტშია ჩართული, მიზანი კი - სწავლების ახალი მიდგომების დანერგვა და  გაკვეთილების ეფექტიანობის ამაღლებაა.

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის სკოლა  X საუკუნის ქართველი ჰიმნოგრაფის სახელს ატარებს, რაც შორენა ახვლედიანისთვის განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ნიშნავს - კერძოდ, ლიდერთა შორის ლიდერ სკოლად ყოფნისათვის ბრძოლას.. სწორედ ამას შეგვიძლია მივაწეროთ ის, რომ  ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” მიერ ორგანიზებული „ლიდერობის აკადემია”  გაიარა. როგორც თავად ამბობს, პროგრამის გავლის შემდეგ, საგრძნობლად დაიხვეწა სკოლის ეფექტურად მართვის პრაქტიკული სტრატეგიების უნარ-ჩვევები; კომუნიკაცია, რის შედეგადაც გაუმჯობესდა სასკოლო გარემო და კულტურა;  უფრო მოქნილი გახდა სასკოლო მონიტორინგისა და შეფასების პრაქტიკა, რამაც, საბოლოო ჯამში, ხელი შეუწყო სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას.

,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის” „საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიის განვითარების” პროგრამის ფარგლებში, ტრენინგები  8 პედაგოგმა გაიარა.

,,აქცენტის გადატანა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მიმართულებებზე ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ საგნებში მოსწავლეთა აკადემიური შედეგები შედარებით დაბალია, ხოლო თანამედროვე საზოგადოებაში  მოთხოვნა - დიდი,” - აღნიშნავს შორენა ახვლედიანი.

იდეალური მასწავლებელი მისთვის  თავის საქმესა და მოსწავლეებზე უზომოდ შეყვარებული, შემოქმედებითი, ინოვაციური და, რა თქმა უნდა, პროფესიონალია.  სხვათა შორის, მისი დამსახურებაა, რომ ყოფილი კოლმეურნეობის შენობა სკოლად იქცა და მუნიციპალიტეტის სოფლებს შორის, საკმაოდ ბევრი - 127 მოსწავლეც ჰყავს.

 ფონდის მხარდაჭერა ამით არ სრულდება - სკოლა  რეაბილიტაციის პროცესშია და მოსწავლეები 100 წლის იუბილეზე, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ გარემოში შეძლებენ სწავლას.

###

„ლიდერობის აკადემია“ მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების გრძელვადიანი პროექტია. ის ტრენინგ-მოდულების ერთობლიობას წარმოადგენს, რომლის მიზანიც მასწავლებლების, დირექტორებისა და სკოლების ბაზაზე შერჩეული ფასილიტატორების პროფესიული განვითარებაა. „ლიდერობის აკადემია“ სულ სამი საფეხურისგან შედგება და ის 2019 წლამდე გაგრძელდება. პროფესიული განვითარების პროგრამის წარმატებით დასრულება სკოლის დირექტორებს დაეხმარება გააუმჯობესონ საკუთარი პრაქტიკა შემდეგი მიმართულებებით:

✔ დროის, ფინანსებისა და ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა;

✔ მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შექმნა;

✔ სასწავლო თემების განვითარება;

✔ სკოლაში ინოვაციური და ინტერაქტიული მეთოდების დანერგვა;

✔ გრძელვადიან განვითარებაზე ორიენტირებული მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა.

###

„საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიის განვითარება“ - ამ სახელწოდების პროექტით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად:

1. ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის შემუშავება-დანერგვას;

2. შეიმუშავებს საჯარო სკოლების 7-12 კლასების საბუნებისმეტყველო (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა), მათემატიკის, გეოგრაფიის, ინგლისურის მასწავლებლებისთვის ინტენსიურ ტრენინგ-მოდულებს;

3. გადაამზადებს საჯარო სკოლების 7-12 კლასების საბუნებისმეტყველო (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა), მათემატიკის, გეოგრაფიის, ინგლისურის მასწავლებლებს;

4. გადაამზადებს საჯარო სკოლების ყველა დირექტორს სკოლის მართვის მნიშნველოვან საკითხებში;

5. ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას;

6. შეარჩევს და გადაამზადებს საჯარო სკოლების ფასილიტატორებს, რომლებიც იზრუნებენ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე.