geo eng
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2017 წლის კონკურსის გამარჯვებული მანუელ ფაუნდეს ბარანდას წარმატება

2018-10-30

პროფესიით ფრანგული ენის სპეციალისტი, კულინარი მანუელ ფაუნდეს ბარანდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს 2017 წლის კონკურსის გამარჯვებულია.

„ბუნებრივია, როცა ასეთ წოდებას განიჭებენ, ძალიან საპასუხისმგებლოა. მოტივაცია ისედაც მქონდა, თუმცა, ეს წარმატება კიდევ უფრო მაღალი პროფესიული სტიმულია. ჯილდო მნიშვნელოვანი იყო ჩემი სტუდენტებისთვისაც“ - ამბობს მანუელ ფაუნდეს ბარანდა.

სამზარეულოსთან პირველი შეხება 7-8 წლის ასაკში ჰქონდა. შემდეგ იყო პირველი კულინარული რუბრიკა ტელევიზიაში, სტეიკის პირველი რესტორანი საქართველოში. მუშაობდა საზღვარგარეთაც, მიუხედავად ამისა, ოცნებები კიდევ დარჩა, ახლა ვიეტნამური და აფრიკული სამზარეულოს ადგილზე გაცნობა სურს.

მანუელ ფაუნდეს ბარანდა 12 წელია საქართველოში სტუდენტებს კულინარიას ასწავლის. „ჩვენი კურსდამთავრებულების უმეტესობა ადგილად საქმდება პრესტიჟულ რესტორნებში როგორც საქართველოში, ასევე, საზღვარგარეთ. სასიამოვნოა, როცა შენი კურსდამთავრებულები მოგიკითხავენ, რჩევას გეკითხებიან. წარმოიდგინეთ, როგორი სიხარულია, როცა ჩამოდის სტუდენტი ამერიკიდან, ჩამოაქვს კულინარიული წიგნები და ჩუქნის კოლეჯს ან როცა მაღალი დონის პორტუგალიელი მზარეული შეხვედრის დროს გიქებს სტუდენტს“ - ამბობს მანუელ ფაუნდეს ბარანდა.

პროფესიული განათლების 2018 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის გამარჯვებულები წელსაც ოთხ კატეგორიაში დასახელდებიან: წლის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება, წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი, წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი და წლის პროფესიული განათლების სტუდენტი. გამარჯვებულთა ვინაობა 9 ნოემბერს გახდება ცნობილი. გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ სპეციალურ სასწავლო ტურში, გერმანიაში, სადაც მათ გერმანული კომპანია PEM Consult უმასპინძლებთ.

პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მიზანი ამ სფეროში ჩართული წარმატებული ადამიანებისა და ორგანიზაციების წარმოჩენაა.