geo eng
ზახირ ჰუსეინოვის წარმატების ისტორია

2018-09-06

ზახირ ჰუსეინოვი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანის N1 საჯარო სკოლის დირექტორია. სკოლაში მუშაობა მან 30 წლის წინ დაიწყო. ჯერ კიდევ იმ პერიოდში, როდესაც სკოლა რეაბილიტაციასა და შეკეთებას საჭიროებდა. ახალგზარდა პედაგოგი ძალ-ღონეს არ იშურებდა, რომ საკუთარი რესურსი სკოლისთვის მაქსიმალურად მოეხმარა. სოფლის სკოლაში მაშინ არც ლაბორატორიები და არც სპორტული დარბაზი არ ფუნქციონირებდა. მოუწესრიგებელი იყო სველი წერტილები და წყლის სისტემა. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მხარდაჭერით სოფელ კაჩაგანის სკოლის რეაბილიტაციის პროცესი გასულ წელს დაიწყო.

დღეს, ზახირ ჰუსეინოვი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის დაფინანსებული პროექტის „ლიდერობის აკადემია 2-ის“ აქტიური მონაწილეა. ტრენინგებს ის სხვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ დირექტორებთან ერთად მშობლიურ ენაზე გადის. ამბობს, რომ მიუხედავად ქართული ენის სიყვარულისა და ცოდნისა, აზერბაიჯანულ ენაზე მოსმენილი ტრენინგები, საშუალებას აძლევს სიღრმისეულად ჩაწვდეს მიღებულ ინფორმაციას, რაც, ცხადია, ეხმარება უფრო ეფექტიანად მართოს სკოლა და შექმნას მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემო. ასევე, საკუთარ სკოლასა და მასწავლებლებში განავითაროს ლიდერობისა და თანამშრომლობის უნარ-ჩვევები, რაც ეთნიკურად არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

სოფელ კაჩაგანის მრავალეთნიკური სკოლის სრული რეაბილიტაცია თითქმის დასრულდა და მალე 300-მდე მოსწავლე განახლებულ, სრულად აღჭურვილ სკოლაში გააგრძელებს სწავლას.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ახალ სკოლაში სწავლის გაგრძელება. მოსწავლეების უმრავლესობა აზრებაიჯანელია და მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქართულ ენაზე, თანამედროვე გარემოში, განათლების მიღება. ლიდერობის აკადემიაში მიღებული ცოდნა მეხმარება, უკეთ ვმართო სკოლა, დრო, ადამიანური რესურსი და საბოლოო ჯამში, ჩვენი სოფლის სკოლაში მოსწავლეზე მორგებული და ორიენტირებული გარემო დავნერგო“ - ამბობს ზახირ ჰუსეინოვი.

ზახირ ჰუსეინოვი ლიდერობის აკადემიის უკვე მეორე მოდულს გადის. ტრენინგებს აზერბაიჯანულენოვანი ტრენერები უძღვებიან, რომლებმაც ტრენერთა სერტიფიცირების კურსი ქართულ ენაზე გაიარეს. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანულად ითარგმნა სატრენინგო მასალაც.