geo eng
ქეთევან ობოლაშვილის წარმატების ისტორია

2018-09-05

ქეთევან ობოლაშვილი ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის დირექტორია. სკოლას ის მე-5 წელია ხელმძღვანელობს. როგორც პედაგოგს, სკოლაში მუშაობის 28 წლიანი გამოცდილება აქვს და აბასთუმანშიც განსაკუთრებული სიყვარულითა და პატივისცემითაც სარგებლობს.

ქეთევან ობოლაშვილი ერთ-ერთია სკოლის იმ დირექტორებს შორის, ვინც ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ტრენინგები „ლიდერობის აკადემია“ გაიარა. ამბობს, რომ ტრენინგ-მოდულები მას სკოლის მართვასა და სწავლების პროცესში ძალიან ეხმარება, რადგან მოსწავლეებთან მუშაობა ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანი საქმეა, ამას კი მუდმივი განვითარება სჭირდება.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ტრენინგები კონკრეტული მიდგომებისა და გეგმების ჩამოყალიბებაში დამეხმარა. სასიამოვნო და ეფექტური სასკოლო გარემოს შესაქმნელად მუდმივად მზად ვარ ახალი ცოდნა და გამოცდილებაც მივიღო, რაშიც ლიდერობის აკადემიაც ხელს მიწყობს.“ - ამბობ სკოლის დირექტორი. „ჩემი მიზანი და სურვილია, აბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბუნებისმეტყველო საგნებში ცოდნა კიდევ უფრო გაიღრმავონ. ამ მიმართულებით ბევრ სიახლესაც ვგეგმავ სკოლის გუნდთან ერთად. მჯერა, ახალი ტექნოლოგიები და მიდგომები მეტად შეაყვარებს ჩემს მოსწავლეებს STEM საგნებს. აბასთუმანი ყოველთვის იყო STEM დისციპლინების ერთგვარი ჰაბი და იმედია, ჩვენი მოსწავლეებიც გააგრძელებენ ამ ტრადიციას.“

დღეს აბასთუმნის სოფელში 70-მდე მოსწავლე ცხოვრობს, რომლებიც ზამთრის რთული პირობების მიუხედავად, არ ტოვებენ მშობლიურ სოფელს. ქალბატონი ქეთევანი მაქსიმალურად ცდილობს ადგილობრივებს საუკეთესო სასწავლო გარემო შესთავაზოს, რათა არ დაიცალოს სოფელი და ადგილობრივებმა მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ.