geo eng
სოფიო ჭაჭიას წარმატების ისტორია

2018-09-05

სოფიო ჭაჭია ქალაქ ფოთის მე-11 საჯარო სკოლის დირექტორია. ბიოლოგიის მასწავლებელს ბავშვებთან მუშაობისა და პედაგოგობის 24 წლიანი გამოცდილება აქვს. ბოლო ექვსი წელია წარმატებით ხელმძღვანელობს სკოლას და ამ პერიოდის განმავლობაში არა ერთი საინტერესო სიახლე და მიმართულება დანერგა.
სოფიო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული „ლიდერობის აკადემიის“ ერთ-ერთი გამორჩეული და აქტიური მონაწილეა.

„აკადემიაში ბევრი საჭირო ცოდნა შევიძინე. მინდოდა, სკოლის ეფექტური მართვის შესახებ მეტი გამეგო. ტრენინგებში ჩართვის შემდეგ, ეს ცოდნა კიდევ უფრო გავიღრმავე. მიღებულ ცოდნას სკოლაში აქტიურად ვნერგავ, რაც მეხმარება გუნდურად ვიმუშაო, წარმატებულად ვმართო სკოლა და მოსწავლეზე ორიენტირებული გარემო შევქმნა.“- ამბობს სკოლის დირექტორი.

სოფიო ჭაჭიას მიაჩნია, რომ „ლიდერობის აკადემიამ“ გარდა იმისა, რომ ახალი ცოდნა შესძინა, სკოლის დირექტორებს არაჩვეულებრივი შესაძლებლობა მისცა, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია დაემყარებინათ და წლების მანძილზე დაგროვებული გამოცდილებაც გაეცვალათ.

ფოთის მე-11 საჯარო სკოლის დირექტორის თქმით, ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მიმართულება, რაც „ლიდერობის აკადემიის“ ფარგლებში გაიარა „ბავშვებს შორის ბულინგი და კიბერბულინგია“, რომელიც 21-ე საუკუნის ყველაზე აქტუალურ პრობლემად მიაჩნია. „ტრენინგებმა არა მხოლოდ უკეთ დამანახა თანამედროვე გამოწვევები, არამედ პრობლემების გადაჭრის გზებიც მასწავლა.“ - ამბობს წარმატებული დირექტორი.

სოფიო ჭაჭია სკოლაში მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების მიუხედავად, საკუთარი მიდგომების კიდევ უფრო დახვეწას გეგმავს და სიახლეებისთვისაც მზად არის, რომ მოსწავლეებს უკეთესი სასწავლო გარემო შეუქმნას.