geo eng
პროექტი „ქარის ტურბინები ქართული ფრთებით“

2018-07-22

გაიცანით კიდევ ერთი წარმატებული გამომგონებელი გუნდი. „ქარის ტურბინები ქართული ფრთებით“ ასე ჰქვია პროექტს, რომელიც ქალაქ თელავის ევროპული სკოლის მე-11 კლასის მოსწავლეებმა შექმნეს. პროექტი „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის“ ფინალისტებს შორის მოხვდა.

გიორგი პაპაშვილს, ქეთი ამირანაშვილს, ნინო მაისურაძეს, სოფო სვიმონიშვილსა და სერგი დათუნაშვილს ქართული ნედლეულით პოლიმერების (მაღალმოლეკულური ნაერთი) მიღებაზე და შემდეგ ამით ქართული ტურბინების ფრთების დამზადების იდეა სპონტანურად გაუჩნდათ. 

იმის გამო, რომ დღევანდელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც,  ჰიდრო-ელექტრო  სადგურების  ალტერნატიული  ეკოლოგიურად უსაფრთხო წყაროების არსებობა ძალიან  პრობლემურია,   მოსწავლეებმა შეიმუშავეს პროექტი, რომლის მიხედვითაც ქარის  ტურბინის ფრთა ქართული ნედლეულით დაამზადეს. ამბობენ, რომ  ეს ტურბინის  ფასის  30  პროცენტით გაიაფებას გამოიწვევს.

იდეის ავტორებს იმედი აქვთ, რომ ქვეყანაში ქარის ტურბინების წარმოების დაწყება, ეკონომიკურ ზრდასა და მთიანი რეგიონების მიგრაციის შეჩერებას შეუწყობს ხელს. მე-11 კლასის მოსწავლეებს სამომავლოდ დიდი გეგმები აქვთ: ისინი ახალი ტიპის პოლიმერების შექმნაზე მუშაობას აგრძელებენ. ამბობენ, რომ ბიზნეს სექტორის დაინტერესების შემთხვევაში ახალ იდეებს გამოყენების სფეროს გამოუძებნიან. 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი „ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს“ უკვე მეხუთე წელია აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. საქართველოს მასშტაბით მასში 300-მდე გუნდსა და 1000-მდე მოსწავლეს აქვს მონაწილეობა მიღებული. კონკურსი ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას ემსახურება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც მათ მოტივაციას გაზრდის აღნიშნულ დისციპლინებში და  საქართველოში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში, ახალ მიღწევებს შეუწყობს ხელს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია ასევე კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც მათ დაეხმარება სამომავლოდ პარტნიორობის დამყარებაში, აგრეთვე გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში.