geo eng
ნადია დაბრუნდაშვილის წარმატების ისტორია

2018-07-22

ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნადია დაბრუნდაშვილი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 10 ფინალისტს შორის ერთ-ერთია. 

ნადია მათემატიკის მასწავლებელია. ცდილობს სწავლების პროცესში ინოვაციური მეთოდებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას. მისი მოსწავლეებისა და კოლეგების მხარდაჭერით, მრავალი წარმატებული ღონისძიება და  პროექტი განხორციელდა. პედაგოგი მათემატიკის სხვა საგნებთან ინტეგრირებით მოსწავლეებს განსხვავებულ უნარ-ჩვევებს უვითარებს. 

ნადია დაბრუნდაშვილი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიული განვითარების“ იმ პროგრამაშია ჩართული, რომელიც მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 

როგორც თვითონ ამბობს, ეს ტრენინგი პირველ რიგში, დაეხმარა, რომ მეტად დაეხვეწა სწავლების მიდგომები მოსწავლეებთან. 

მათემატიკის სწავლების გარდა, ქალბატონი ნადიასთვის მნიშვნელოვანია მოსწავლეებში სწორი ღირებულებების დანერგვა და ამ გზით, მცირედი წვლილის შეტანა საქართველოს განვითარებისთვის.ამბობს, რომ სხვადასხვა აქტივობით ცდილობს მოსწავლეებში ტოლერანტობისა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრისთვის საჭირო თვისებების გაღვივებას. 

შექმნილი აქვს სპეციალური პორტფოლიო-ბლოგი, მოსწავლეებთან ერთად განხორციელებული აქტივობებისთვისთვის, რომელშიც პერიოდულად სხვადასხვა სასწავლო რესურსს ათავსებს. ტექნოლოგიების გამოყენებით, მოსწავლეები აკადემიურ და თეორიულ ცოდნას უფრო ეფექტურად იმაღლებენ, პრაქტიკულ უნარებს იძენენ. სამომავლო გეგმები სწორედ მოსწავლეებში მათემატიკის, როგორც ერთ-ერთი წამყვანი მეცნიერების, პოპულარიზებას უკავშირდება.

ნადია დაბრუნდაშვილი 2018 წლის საუკეთესო მასწავლებლის ტიტულისა და ჯილდოს მოსაპოვებლად იბრძვის. 

„საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორების პროფესიის განვითარება“ - ამ სახელწოდების პროექტით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან ერთად:

1. ხელს შეუწყობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სისტემის შემუშავება-დანერგვას;
2. შეიმუშავებს საჯარო სკოლების 7-12 კლასების საბუნებისმეტყველო (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა), მათემატიკის, გეოგრაფიის, ინგლისურის მასწავლებლებისთვის ინტენსიურ ტრენინგ-მოდულებს;
3. გადაამზადებს საჯარო სკოლების 7-12 კლასების საბუნებისმეტყველო (ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა), მათემატიკის, გეოგრაფიის, ინგლისურის მასწავლებლებს;
4. გადაამზადებს საჯარო სკოლების ყველა დირექტორს სკოლის მართვის მნიშნველოვან საკითხებში;
5. ხელს შეუწყობს საჯარო სკოლებში სკოლის ბაზაზე პროფესიულ განვითარებას;
6. შეარჩევს და გადაამზადებს საჯარო სკოლების ფასილიტატორებს, რომლებიც იზრუნებენ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე.

პროექტის ფარგლებში 17,321 საბუნებისმეტყველო და ინგლისური ენის პედაგოგი გადამზადდა, რომლებმაც 76 საათიანი სპეციალური მომზადების კურსი გაიარეს; ამავე პროექტი ფარგლებში 1 873-მა სკოლის დირექტორმა - 120 საათიანი, ხოლო 1890-მა სკოლის ფასილიტატორმა - 80 საათიანი გადამზადების პროგრამა გაიარეს. 

პროექტის ფარგლებში იგეგმება სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი-ს და სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის“ თანამშრომლების პროფესიული განვითარება.