geo eng

უმაღლესი განათლება

უმაღლესი განათლების პროექტი „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებისგან შემდგარი კონსორციუმი საქართველოში საბაკალავრო პროგრამებს განახორციელებს. აღნიშნული უნიკალური საგანმანათლებლო პროექტის შედეგად, კურსდამთავრებულები საქართველოში მიიღებენ ამერიკულ დიპლომებს საინჟინრო, ტექნოლოგიებისა და საბუნებისმეტყველო სპეციალობებში.

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და აშშ-ის შორის 2013 წელს ხელმოწერილი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში, რაც ითვალისწინებს ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სექტორში პროექტების განხორციელებას. კომპაქტის მიზანია საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის გაძლიერება საინჟინრო და ტექნოლოგიური სფეროს სპეციალისტების განვითარების გზით. უმაღლესი განათლების პროექტის განხორციელებისთვის, კომპაქტის ფარგლებში, დაგეგმილია 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება გრანტის სახით.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო  საერთაშორისო ორეტაპიან ტენდერში გამარჯვებულ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად 2014-2019 წლებში განახორციელებს პროგრამას „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“, რომელიც მიზნად ისახავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამების განხორციელებას.

პროექტის განხორციელების შედეგად მოხდება:

  • საქართველოს სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  ამერიკული საბაკალავრო ხარისხების გაცემა საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური მეცნიერებების სფეროში;

  • საქართველოს სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროგრამების ამერიკული აკრედიტაცია;

  • ქართული სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება; არსებული ადამიანური რესურსის გაძლიერება;

  • STEM საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური სფეროს მსოფლიო დონის კონკურენტუნარიანი სპეციალისტების მომზადება.

პროექტის "სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო 2020" შესახებ ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე: http://georgia.sdsu.edu/