geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის ურთიერთთანამშროლობის მემორანდუმი გაფორმდა

2015-11-20

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ერთობლივი ღონისძიება

გენდერული თანასწორობა და ბიზნესი: საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობა                                  

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და გაეროს ქალთა ორგანიზაციამ, 20 ნოემბერს გამართა შეხვედრა ქალთა უფლებების გაძლიერების პრინციპების თემაზე. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს ბიზნესისთვის არსებული გენდერული თანასწორობის გამოწვევებზე და განიხილეს საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების თანამშრომლობის გაძლიერებისთვის საჭირო აქტივობები. ასევე, იმსჯელეს გენდერულ თანასწორობაზე და საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების მიერ შეტანილ წვლილზე ქალთა უფლებების გაძლიერების პროცესში. ღონისძიებას ესწრებოდნენ ბიზნესის, საერთაშორისო ორგანიზაციების, პროფესიული კოლეჯებისა და განათლების სფეროს წარმომადგენლები. 

ღონისძიება გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საგანგებო დავალებათა ელჩმა, საპარტნიორო ფონდის საკონსულტაციო ჯგუფის წევრმა თამარ ბერუჩაშვილმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა კატერი კლემენტიმ და კომპანია OpenNet-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ანა ნაკაშიძემ. ღონისძიებაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა ისაუბრა ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების შესახებ, ხოლო ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა მონაწილეებს პროფესიული განათლების მოდერნიზაციისა და რეფორმის მხარდასაჭერად განხორციელებული საქმიანობა გააცნო, რომელიც ითვალისწინებს ბიზნესისა და კერძო სექტორის აქტიურ მონაწილეობას პროფესიულ განათლებაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და გაეროს გლობალური შეთანხმების ოფისის თანამშრომლობის ინიციატივას, რომელიც წარმოადგენს ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების დანერგვას და თანასწორობას, რაც ბიზნესის გაძლიერების წინაპირობაა. შეხვედრისას ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ და გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა საქართველოში ერიკა კვაპილოვამ ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს შემდგომ პარტნიორობებს, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფას, ძალადობის აღმოფხვრას, ქალების ეკონომიკური და უფლებრივი გაძლიერების ხელშეწყობას - რაც ცალსახად უკავშირდება განათლებას, შესაძლებლობების სრულად გამოყენებას და პროფესიაში შესვლასა და კარიერულ ზრდას. 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში, ახორციელებს საგანმანათლებლო პროგრამებს საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიის სფეროში, რაც ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი ფაქტორის ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას. შესაბამისად, კომპაქტის ერთ-ერთი ამოცანაა განათლებაში ბიზნესისა და კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობის  ხელშეწყობა შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული და უმაღლესი განათლების უზრუნველყოფისთვის. კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.