geo eng
ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მისი აღმატებულება იან კელი ათასწლეულის გამოწვევის ფონდის თანამშრომლებს შეხვდა

2015-11-17

17 ნოემბერს, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი მისი აღმატებულება იან კელი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრას მასპინძლობდნენ და უძღვებოდნენ ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კატერი კლემენტი.

შეხვედრაზე ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ისაუბრა აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 აშშ მილიონი დოლარის კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე პროექტებზე, ამ ეტაპისთვის მიღწეულ წარმატებებსა და პროგრესზე. მაგდა მაღრაძემ აღნიშნა, რომ ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტი საქართველოს განათლების სისტემაში განხორციელებული ყველაზე დიდი ინვესტიციაა და აღნიშულიდან გამომდინარე მან მადლობა გადაუხადა ამერიკის მთავრობასა და ხალხს გაწეული დახმარებისთვის. ელჩმა კელიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ათასწლეულის გამოწვევის მეორე კომპაქტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ამერიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის ხორციელდება. ამასთანავე, ელჩმა ისაუბრა კომპაქტის ფარგლებში განხორციელებულ ინვესტიციაზე, რომლის მიზანია ადამიანური კაპიტალის გაძლიერება და რომ ეს ინვესტიცია ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას.