geo eng
შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროფესიული განათლების პროექტის ნახევარფინალისტებთან

2015-10-22

22 ოქტომბერს გაიმართა შეხვედრა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს პროფესიული განათლების პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ საგრანტო კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ ნახევარფინალისტებთან.

შეხვედრა გახსნეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა  მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა კატერი კლემენტიმ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა.

პროფესიული განათლების განვითარების საგრანტო კონკურსის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი ახალი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნასთან ან არსებული პროგრამების განახლებასთან დაკავშირებული წინადადებების დაფინანსება საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორებში.

საგრანტო კონკურსის სრული ბიუჯეტია 12 მილიონი აშშ დოლარი. თითოეული გრანტის მოცულობა შესაძლოა იყოს  300,000 აშშ დოლარიდან 3 მილიონ აშშ დოლარამდე.

საგრანტო კონკურსის პირველ ეტაპზე 70 განაცხადი შემოვიდა.  აქედან დამოუკიდებელი შეფასების კომისიისა და საერთაშორისო ექსპერტების მიერ 2015 წლის ოქტომბერში მოხდა შემოსული განაცხადების განიხილვა და შეფასება.  კომისიამ გამოავლინა 29 ნახევარფინალისტი განმცხადებელი. 

ძირითადად, განაცხადები წარმოადგინეს საგანმანათლებლო სექტორის (53%), კერძო სექტორისა (23%) და არასამთავრობო ორგანიზაციების/ასოციაციების წარმომადგენლებმა (26%). განაცხადების უმეტესობა, 26% და 23% წარმოდგენილია სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის სექტორში, მას მოსდევს საინჟინრო (20%), საინფორმაციო ტექნოლოგიები (13%), ტექნოლოგიური (11%) და საბუნებისმეტყველო (7%) სექტორი.