geo eng
ვიზიტი „ბორჯომის“ N1 ჩამომსხმელ ქარხანაში

2015-07-23

23 ივლისს, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტ გუნდებს, კომპანია „IDS ბორჯომი საქართველომ“, N1 ჩამომსხმელ ქარხანაში უმასპინძლა.

ვიზიტის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ პოპულარული მინერალური წყლის  125 წლიან ისტორიას, „ბორჯომის“ წარმოების და ჩამოსხმის პროცესს. მოსწავლეებმა დაათვალიერეს „ბორჯომის“ წარმოების და კომპანიის განვითარების ამსახველი ფოტოგამოფენა;კომპანიის გიდთან ერთად,  ესტუმრნენ N1 ჩამომსხმელ ქარხანას და იხილეს მინერალური წყლის ჩამოსხმის პროცესი; გაეცნენ უახლესი, ინოვაციური ტექნოლოგიების მუშაობის პრინციპებს. 

საინფორმაციო ტური „ბორჯომის“N1 ჩამომსხმელ ქარხანაში ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის ფარგლებში მოეწყო. ის მიზნად ისახავდა ახალგაზრდა გამომგონებლებისთვის წარმატებული ქართული საწარმოს ჩვენებას, საწარმოს მუშაობის პროცესის და თანამედროვე ტექნოლოგიების გაცნობას. მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ცდილობს წაახალისოს მოსწავლეების ინტერესი მეცნიერებების და ტექნოლოგიების მიმართ, რათა მათ მომავალში კარიერა სწორედ ამ  მიმართულებებში გააგრძელონ.

კომპანია „IDS ბორჯომი საქართველომ“ საინფორმაციო ტურით მოსწავლეები ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ღონისძიებაზე დააჯილდოვა.  კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო“ ლიდერი კომპანიაა ქართული მინერალური წყლების ბაზარზე. თანამშრომლობა წარმატებულ კერძო კომპანიებთან, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ერთ-ერთი პრიორიტეტია, პროექტის მონაწილე ახალგაზრდა გამომგონებლებსა და  კერძო სექტორს შორის პროფესიული კავშირების დამყარების ჭრილში.