geo eng
ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია

2015-05-29

საქართველოს სკოლის მოსწავლეებს შორის საბუნებისმეტყველო მეცნიერების, ინჟინერიისა და ტექნოლოგიების მიმართულებით ინტერესის გაზრდისა და პოპულარიზაციის მიზნით, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში მიმდინარეობს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონის სკოლების 12 – 18 წლის  მოსწავლეებთან.  შეხვედრები, ასევე, მიზნად ისახავს მოსწავლეებისთვის ინფორმაციის გაზიარებას ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებული ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შესახებ, რომელიც საქართველოში ხორციელდება აშშ-ის საელჩოს გრანტით და აშშ-ის კონრადის ფონდთან თანამშროლობით.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის პროგრამის კოორდინატორი, ანა ბერძენაძე და კონკურსის ფინალისტი გუნდის, „ტრანზისტროდან პროცესორამდე“ წევრები: ალექსანდრე ხოხიაშვილი, ლუკა ხოხიაშვილი, დიმიტრი კორკოტაშვილი და გიორგი ლომჯარია, ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის ფარგლებში ეწვივნენ ახალქალაქის, ნინოწმინდის, რუსთავის, მარნეულის, თელავის და სოფელ გურჯაანის სკოლებს. მათ  თანატოლებს გააცნეს საკუთარი ინოვაციური პროექტები და გაუზიარეს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში მიღებული გამოცდილება. მნიშვნელოვანი იყო ახალქალაქში, ნინოწმინდასა და მარნეულში შეხვედრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან. შეხვედრები ემსახურებოდა მომავალი წლის კონკურსში მოსწავლეების მონაწილეობის გაზრდას და გრძელვადიან პერსპექტივაში მათ დაინტერესებას მეცნიერებებით, ტექნოლოგიებითა და ინოვაციებით. აღსანიშნავია შეხვედრების დროს გოგონების მხრიდან გამოხატული მაღალი ინტერესი პროექტის მიმართ;

შეხვედრები რეგიონების სკოლების მოსწავლეებთან გრძელდება. დაგეგმილია ვიზიტები მესტიის, ლატალის, მცხეთის, ყაზბეგის, ხაშურის, ზუგდიდის, ოზურგეთის, ბათუმის და ხელვაჩაურის სკოლების მოსწავლეებთან.