geo eng
შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში

2015-05-29

29 მაისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტ გუნდებთან შეხვედრა გაიმართა. ვიზიტის მიზანს წარმოადგენდა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალში გასული მოსწავლეებისთვის ილიაუნისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის სამეცნიერო პროგრამების და პროექტების გაცნობა.

შეხვედრა გახსნა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის დეკანმა, ბატონმა დავით თარხნიშვილმა, რომელმაც დეტალურად ისაუბრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტის პროგრამების შესახებ. ამის შემდეგ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა ჰალილ გიუვენმა მოსწავლეებს გაუზიარა ინფორმაცია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს კამპუსის ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამების, სწავლისა და დაფინანსების შესაძლებლობების შესახებ. მოგვიანებით, ილიაუნის სამეცნიერო პროგრამების პოპულარიზაციის პროექტის კოორდინატორმა, თეკლე კაპანაძემ მოსწავლეებს გააცნო ილიაუნის სამეცნიერო პროექტები: სამეცნიერო კაფე, სამეცნიერო პიკნიკი და მკვლევართა კლუბი.

ვიზიტის მეორე ნაწილში, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის სამმა ფინალისტმა გუნდმა („მულტიკლიმატიზატორი“, „ტრანზისტორიდან პროცესორამდე“ და „მეტალ - კარბონის ორმაგფენა კომპოზიტები“), ილიაუნის სტუდენტებსა და წარმომადგენლებს თავიანთი ინოვაციური პროექტები წარუდგინა.  პრეზენტაციების შემდეგ მოსწავლეებმა დაათვალიერეს ილიაუნის და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ერთობლივი მომავლის სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, FabLab Iliauni.

ილიაუნის შეხვედრა გაიმართა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მოსწავლეებში მეცნიერების, ინჟინერიის და ტექნოლოგიების სწავლების პოპულარიზიციას, რათა მათ მომავალში ამ მიმართულებით განაგრძონ სწავლა და პროფესიული კარიერა.  კამპანიის ფარგლებში ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტი მოსწავლეები, მომავალი პარტნიორობის მიზნით, ხვდებიან წარმატებულ მეცნიერებს და კერძო სექტორის წარმომადგენლებს, ხოლო შემდეგ საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ თანატოლებს.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქრთველო აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით, აშშ-ის კონრადის ფონდთან პარტნიორობით.