geo eng
ნინოწმინდის, მარნეულისა და სადახლოს ახალგაზრდები ახალ ამარიკულ საბაკალავრო პროგრამებს გაეცნენ

2015-04-17

აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდები საქართველოში აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს გაეცნენ. აღნიშნულ პროგრამებზე სწავლა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორ სახელმწიფო უნივერსიტეტებში: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშია შესაძლებელი.  ახალი საბაკალავრო პროგრამები მოიცავს ისეთ დარგებს, როგორიცაა: ქიმია (ბიოქიმიის განხრით), ელექტრო ინჟინერია და კომპიუტერული ინჟინერია.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს სოციალური და გენდერული შეფასების დირექტორი, ქეთევან მამინაიშვილი და მშვიდობის კორპუსის მოხალისე, შეინ ლურზი ზემოაღნიშნული პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით ნინოწმინდის, მარნეულისა და სადახლოს  საჯარო სკოლების მოსწავლეებს (14-19 წლის) შეხვდნენ. 

მოსწავლეები საკმაოდ დაინტერესდნენ აღნიშნული ინფორმაციით, გაეცნენ ახალ საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების პროცედურებს და გაარკვიეს რა სახის ფინანსური დახმარების მიღება შეუძლიათ ეთნიკური უმცირესობების სტუდენტებს. წარმოდგენილი პროგრამებით განსაკუთრებული დაინტერესდნენ  გოგონები და ადგილობრივი ახალგაზრდული პროგრამების ხელმძღვანელები. რამდენიმე აზერბაიჯანელმა გოგონამ სადახლოდან გამოხატა  საინჟინრო და საბუნებისმეტყველო სფეროებში სწავლის გაგრძელების ინტერესი, ხოლო ბიჭები მეტად დაინტერესდნენ კომპიუტერული მეცნიერებებით. 

ფონდის წარმომადგენლებს სომხურ მოსახლეობასთან შეხვედრაში  დაეხმარა სოფელ ნინოწმინდის ახალგაზრდობასთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია „პაროსი“ და ჯულიან შელტონი (მშვიდობის კორპუსის მოხალისე) , რომელიც თანამშრომლობს ნინოწმინდის ადგილობრივ რადიო სადგურთან. აღნიშნულ ბმულზე შეგიძლიათ მოისმინოთ  ქეთევან მამინაიშვილის ინტერვიუ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს საქმიანობასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამებზე საქართველოში.

მარნეულის ახალგაზრდობის ცენტრი (Marneuli Youth Center) და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women Georgia) თანამშრომლები აქტიურად იყვნენ ჩართულები მარნეულის ახალგაზრობისა და მათი მასწავლებლების მობილიზებაში.

სადახლოს მოსწავლეებთან შეხვედრის ორგანიზება კი შესაძლებელი გახდა სადახლოს მეორე საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებლებისა და აზერბაიჯანულ სათვისტომოსთან მომუშავე მშვიდობის კორპუსის მოხალისეს დახმარებით.  

ახალი საბაკალავრო პროგრამების პრეზენტაცია ჩატარდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ გამართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში. აღნიშნული ღონისძიება მიზნად ისახავდა საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებას, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ საქართველოში განხორციელებული კომპაქტის ფარგლებში, უმაღლესი განათლების სფეროს განვითარების შესახებ.