geo eng
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 60 მილიონ დოლარამდე გრანტი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის

2015-04-21

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში საქართველოში, გრანტის სახით, 60 მილიონამდე აშშ დოლარის ინვესტირება მოხდება საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების გახორციელებისათვის.  დაგეგმილია საჯარო სკოლების რეაბილიტაცია, თბილისში საუნივერსიტეტო ფართების (ლაბორატორიებისა და სალექციო აუდიტორიების) რეაბილიტაცია-აღჭურვა, ახალი ლაბორატორიისთვის კორპუსის მშენებლობა და პროფესიული სასწავლებლების ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება. აღნიშნული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა დღეს, 21 აპრილს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე „ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტი ინფრასტრუქტური პროექტები და მიმდინარე და დაგეგმილი შესყიდვები“.  ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლები და მათ შესაძლებლობა ჰოქონდათ, გაცნობოდნენ დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე და დაგეგმილი შესყიდვებისა და ინფრასტრუქტურის პროექტების შესახებ.

„2015 წლიდან ვიწყებთ საჯარო სკოლების რეაბილიტაციას, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გარემონტდება სამეცნიერო ლაბორატორიები და აუდიტორიები, რომელსაც საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისთვის გამოიყენებს.

60 მილიონი ამერიკული დოლარის ინვესტიცია გახლავთ გრანტი, რომელსაც ამერიკის მთავრობა საქართველოს გამოუყოფს. აღნიშნული თანხის ფარგლებში განხორციელებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტები ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკის განვითარებას, დასაქმებას და საბოლოო ჯამში ადამიანური კაპიტალის გაძლიერებას“ - აღნიშნა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

მთლიანად, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში მოხდება 140 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებისთვის, შემდგომი ხუთი წლის განმავლობაში.

2013 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე კომპაქტს, რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. კომპაქტი ძალაში შევიდა 2014 წლის 1 ივლისს და  მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო.