geo eng
თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამები ინოვაციური ბიზნეს შესაძლებლობებისთვის

2015-03-13

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს წარმომადგენლები ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებს შეხვდნენ

ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის წარმომადგენლებმა 10 მარტს ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრაზე მიიღეს ინფორმაცია მათი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოსთან შესაძლო პარტნიორობის შესახებ.  ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის სიტყვისა და პრეზენტაციის შემდეგ სავაჭრო პალატის 70-ზე მეტ წევრთან გაიმართა დისკუსია.

მაგდა მაღრაძემ შეხვედრისას ისაუბრა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის განხორციელების შესახებ საქართველოში, რომლის ერთ-ერთ მიზანს  წარმოადგენს საქართველოში საინჟინრო და ტექნოლოგიური სპეციელობების განათლების ხარისხის გაძლიერება უმაღლეს და პროფესიულ განათლებაში. აგრეთვე, საუბარი შეეხო საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განვითარებისთვის საჭირო ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს რეგიონებში არსებულ საჯარო სკოლებში.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სტრატეგიული ინვესტიციის მეშვეობით, საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში (თბილისის სახელმიფო, ილიას სახელმწიფო და საქართველოს ტქნიკური უნივესიტეტები) აფინანსებს ამერიკული ბაკალავრიატის პროგრამებს, რომლებსაც აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს; სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი  შეირჩა ამერიკული საინჟინრო და ტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროგრამების საქრთველოში დასანერგად. აგრეთვე, აღნიშნული უნივერსიტეტი დაეხმარება პარტნიორ უნივერსიტეტებს შესაძლებლობების გაძლიერებაში, გაუზიაებს მათ ამერიკულ გამოცდილებას და აღჭურავს თანამედროვე ლაბორატორიებითა და ტექნიკით.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს დეკანმა პროფესორმა კენ უოლშმა პრეზენტაციისას ისაუბრა უმაღლესი განათლების აღნიშნულ პროექტსა და საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომელთაც სან დიეგოს სახელმიფო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს შესთავაზებს. ოთხწლიანი ამერიკული ბაკლავრიატის პროგრამის კურსდამთავრებულები წარმოადგენენ  სწორედ იმ კვალიფიციურ და გამოცდილ ადამიანურ კაპიტალს, რომელიც საჭიროა  კერძო სექტორის გაძლიერებისთვის და მისი პროფესიონალი კადრებით დაკომპლექტებისთვის.

უმაღლესი განთლების პროგრამების გარდა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ახორციელებს პროექტს „პროფესიული განათლება ეკონომიკის გაძლიერებისთვის“, რომლის მიზანია ინდუსტრიასა და პროფესიული განათლების პროვაიდერებს შორის მჭიდრო კავშირის დამყარება. აღნიშული განხორციელდება საგრანტო პროექტების შეთავაზებით, რომლის მთლიანი ბიუჯეტი არის 16 მილიონი აშშ დოლარი და განკუთვნილია როგორც კერძო, ასევე საჯარო პროფესიული განათლების პროვაიდერებისთვის. შესაბამისად, ფონდი ხელს შეუწყობს ამ კავშრების გაძლიერებისთვის საჭირო ხელსაყრელი პირობების შექმნას.

ამერიკული სავაჭრო პალატის წევრი ორგანიზაციები, ასევე, გაეცნენ კომპაქტის ზოგადი განათლების კომპონენტს, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს რეგიონებში არსებული საჯარო სკოლების რეაბილიტაციას, მასწავლებლებისა და სკოლის დირექტორების პროფესიულ განვითარებას; აგრეთვე, ფონდი მხარს უჭერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ქვეყნის ისეთ საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობას, როგორიცაა PISA, TIMS, TALIS, რაც, ზოგადად, აუცილებელია განათლების ხარისხის გაძლიერებისთვის. მაგდა მაღრაძემ პრეზენტაციისას ხაზი გაუსვა კერძო სექტორის მონაწილეობას კომპაქტის სამივე კომპონენტში, განსაკუთრებით კი პროფესიული განათლების მიმართულებით, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადგილობრივი და ტრანსნაციონალური კომპანიებისთვის ორმხრივად მოგებიანი საპარტნიორო პროექტების განხორციელების შესაძლებლობას.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის კომპაქტის ძირითადი მიზანია საქართველოს ეკონომიკის გაძლიერება და სიღარიბის შემცირება, შესაბამისად, ბიზნესთან  პარტნიორობა ხელს შეუწყბოს კომპაქტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შემდგომში მდგრად განვითარებას. 

ღონისძიების ფოტოები