geo eng
აშშ-ის NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში ახალციხის მე-6 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის „მზექა“ ორი მოსწავლე საქართველოს, ინოვაციური პროექტით, წარმოადგენენ

2015-02-12

NASA-ს კენედის კოსმოსურ ცენტრში 2015 წლის 9-11 აპრილს კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ საერთაშორისო სამიტში საქართველოს, ახალციხის მე-6 საჯარო სკოლის და კერძო სკოლის „მზექა“ მოსწავლეები, ირაკლი კაპანაძე და კარლო ხუციშვილი წარმოადგენენ.

მოსწავლეების პროექტი „მულტიკლიმატიზატორი“ შესარჩევმა კომისიამ გამარჯვებულად დღეს, 11 თებერვალს გამართულ ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალზე გამოავლინა. გამარჯვებული პროექტი სთავაზობს ფერმერებს, წინასწარ მიიღონ ინფორმაცია ნიადაგის ტენიანობისა და ტემპერატურის, ასევე მოსალოდნელი ამინდის შესახებ. შექმნილია ხელსაწყო, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე არაძვირადღირებული ტექნოლოგიებით. ხელსაწყოს მიერ დათვლილი ყველა მონაცემი შესაძლებელია, აიტვირთოს ინტერნეტ სერვერზე ან გამოიტანოს LCD Display-ზე.  მოწყობილობას შესაძლებელია, შეუერთდეს მრავალი სენსორი.

კონკურსის დაჯილდოების ცერემონიას ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი რიჩარდ ნორლანდი დაესწრო და  ჯილდო თავად გადასცა პირველ ადგილზე გასულ გუნდს. ფინალისტებს მიესალმნენ თბილისის მერი დავით ნარმანია და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე.  დაჯილდოების ღონისძიებას უძღვებოდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.  

მოსწავლეების საკონკურსო პრეზენტაციებს შორის შუალედში, სპეციალურად ღონისძიებისთვის, შესარჩევი კომისიის წევრმა, ლუნდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული სამედიცინო კვლევების პროფესორმა ზაალ კოკაიამ საჯარო ლექცია წაიკითხა.

მეორე ადგილზე გასული გუნდი პროექტისთვის „სამედიცინო დანიშნულების ნანონაწილაკების მიღება ბიოდეგრადირებადი პოლიმერების საფუძველზე“ თბილისის მერიის სახელით ბატონმა დავით ნარმანიამ ფულადი პრიზით დააჯილდოვა, ხოლო მესამე ადგილზე გასულმა გუნდის ოთხმა წევრმა პროექტისთვის „მეტალ-კარბონის ორმაგფენა კომპოზიტების სინთეზირების“ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის თბილისის კამპუსის დეკანისგან, პროფესორი კენ უოლშისგან ინგლისური ენის დახვეწისთვის საჭირო კურსების პროგრამაში მონაწილეობა და უნივერსიტეტის საქართველოში შეთავაზებულ საბაკალავრო პროგრამებზე ჩაბარების შემთხვევაში, სწავლის საფასურის 50 პროცენტიანი დაფინანსების პრიზები გადასცა.

აღსანიშნავია, რომ კონკურსის მხარდამჭერები იყვნენ კერძო სექტორის წარმომადგენლები: აი-დი-ეს ბორჯომი, რესტორნების ქსელი მაკდონალდსი, აჭარა ჯგუფი და National Geographic საქართველო, რომლებმაც კონკურსის მონაწილეებს სხვადასხვა პრიზი გადასცეს.  პროექტის განხორციელებას ხელი შეუწყო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ.

ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას, ჩაერთონ აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს.  კონკურსი გამოცხადდა 2014 წლის სექტემბერში და საქართველოს ცხრა რეგიონის, 77 სკოლის, 85 გუნდის 88 საკონკურსო განაცხადი შემოვიდა. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შესარჩევმა კომისიამ, რომელიც საბუნებისმეტყველო მეცნიერების ექსპერტებისგან შედგებოდა, გამოავლინა 32 ნახევარფინალისტისგან შემდგარი 10 გუნდი, რომლებმაც მცირე გრანტები მიიღეს წარმოდგენილი პროექტების დასახვეწად და დასასრულებლად.  

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ აქ 

ღონისძიების ფოტოები