geo eng
საქართველოში ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 10 წლის იუბილე აღინიშნა

2015-01-30

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა, თბილისში, 2015 წლის 29 იანვარს გამართულ ოფიციალურ მიღებაზე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას მისი დაარსებიდან 10 წლის იუბილე მიულოცეს.

საიუბილეო საღამოს მასპინძლობდნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორი კატერი კლემენტი. ღონისძიებას დაესწრო 200 სტუმარზე მეტი, მათ შორის საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების, არასამთავრობო და კერძო სექტორის და მასმედიის წარმომადგენლები. 

საქართველოსა და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას 10 წლის თანამშრომლობა აკავშირებს, რაც ასახულია კორპორაციის მხრიდან ორი კომპაქტის დამტკიცებით.  პირველი, 395 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი მიზნად ისახავდა საქართველოში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას.  მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი კი, რომელიც 2014 წლიდან დაიწყო, გამოყოფილია ადამიანური კაპიტალის გაძლიერებისთვის, რაც საქართველოში ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის გაძლიერებას გულისხმობს.  მეორე კომპაქტს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა მისალმებებში ხაზი გაუსვეს საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) სფეროებში განათლებული ადამიანური რესურსების მნიშვნელობას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისათვის.

ღონისძიებაზე სტუმრებმა იხილეს აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ჯორჯ ბუშისა და აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივნის ჰილარი ქლინტონის ვიდეომიმართვები, რომლებშიც ისინი საუბრობდნენ ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის წარმატებულ პროექტებზე და კომპაქტის მიმღები პარტნიორი ქვეყნებისთვის მოტანილ დადებით შედეგებზე. 

ღონისძიების ფოტოები