geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 2014 წლის ანგარიში წარუდგინა

2014-12-24

2014 წლის 24 დეკემბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ წლის შემაჯამებელი ანგარიში საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს, ირაკლი ღარიბაშვილს წარუდგინა. შეხვედრას საბჭოს თანათავმჯდომარე, საქართველოს განთლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და სხვა წევრები ესწრებოდნენ. 

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე 140 მილიონი აშშ დოალრის კომპაქტს, რომელიც ძალაში 2014 წლის 1 ივლისს შევიდა და მიზნად ისახავს საქართველოში განათლების ხარისხის გაძლიერებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, საინჟინრო და ტექნოლოგიების სფეროებში, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებასა და კვალიფიციური ადამიანური კაპიტალის გაზრდას.

ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ანგარიშის წარდგენის დროს, კომპაქტით გათვალისწინებული სხვა აქტივობების გარდა, ხაზი გაუსვა უმაღლესი განათლების პროექტს „სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველო 2020“, რომელიც საქართველოს სამ სახელმწიფო უნივერსიტეტში 2015 წლიდან განახორციელებს ბაკალავრიატის ამერიკულ საგანმანათლებლო პროგრამებს ელექტრულ ინჟინერიაში, ქიმიაში (ბიოქიმიის განხრით) და კომპიუტერულ ინჟინერიაში. მომავალში დაემატება საბაკალავრო პროგრამები კომპიუტერულ მეცნიერებაში, სამოქალაქო ინჟინერიასა და სამრეწველო მშენებლობაში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ განათლებასა და დიპლომებს. აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის კომპაქტიდან 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება მოხდება.

აგრეთვე, აღსანიშნავია, რომ კომპაქტის დაფინანსებით 2014 წლიდან საქართველო მონაწილეობას იღებს საერთაშორისო კვლევებში, რომელთა მიზანია განათლების სისტემის მდგომარეობის შედარება სხვა ქვეყნებთან. ეს კვლევებია: TIMSS მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლისა და სწავლების საერთაშორისო კვლევა; PISA მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა; TALIS სწავლებისა და სწავლის საერთაშორისო კვლევა; ზოგადი განათლების მიმართულებით ფონდმა მუშაობა დაიწყო ისეთ მნიშვნელოვან პროექტებზე, როგორებიცაა: საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავება,  მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარება და საჯარო სკოლების რეაბილიტაცია.

პრეზენტაციაზე, ყურადღება დაეთმო ფონდის პროექტს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“, რომლის მიზანია საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით პროფესიული განათლების პროექტის განხორციელებას.  პროექტის მთლიანი ბიუჯეტი 16 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში 2015 წლიდან გაიცემა დაახლოებით 12.5 მილიონი აშშ დოლარის გრანტები პროფესიული განათლების საჯარო და კერძო პროვაიდერებისთვის, ასევე განხორცილდება 760 000 აშშ დოლარის ტექნიკური დახმარების პროგრამა.

იხილეთ 2014 წლის შემაჯამებელი ანგარიში.