geo eng
ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია პროფესიული განათლების ხარისხის გაძლიერებისთვის 16 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

2014-09-19

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია პროფესიული განათლების ხარისხის გაძლიერებისთვის 16 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს

საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხის გაძლიერებისთვის, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაცია 16 მილიონ აშშ დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. პროექტს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო, განათლებისა და მეცნიერების სამინსიტროსთან თანამშრომლობით იწყებს. დღეს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთი ნატრიაშვილი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირმა ქავთარაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი კათერი კლემენტი, „PEM კონსალტინგ“ პორექტის დირექტორი მარიტა მიუნქსი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

პროექტი 2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა (Millennium Challenge Corporation - MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი მეორე კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია საქართველოში ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. მეორე კომპაქტის მთლიანი ბიუჯეტი 140 მილიონი აშშ დოლარია.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის, მაგდა მაღრაძის განცხადებით „ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების ხარისხის განვითარება და საქართველოს ეკონომიკის მოთხოვნების შესაფამისი პროფესიული განათლების უზრუნველყოფა საქართველოში“.

საინჟინრო, საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლების ხელშეწყობის მიზნით დაგეგმილია 16 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა კომპაქტიდან, შემდეგი აქტივობების განსახორციელებლად:

(ა) გრანტების გაცემა პროფესიული განათლების კერძო და საჯარო პროვაიდერებისთვის, რომლის ფარგლებში დაფინანსდება:

• წინადადებები შრომითი ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ახალი საგანმანათლებლო პროგრამების შექმნის, ან არსებული პროგრამების განახლება-განვითარების, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ან არსებული მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესების მიზნით.

• წინადადებები ადამიანური რესურსის გაძლიერების, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარებისა და დამსაქმებლებთან არსებული კავშირის გაღრმავების მიზნით.

(ბ) ტექნიკური და საექსპერტო დახმარების გაწევა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის პოლიტიკის შემუშავება-განხორციელებაში;

(გ) პროფესიული განათლების პროვაიდერებსა და ინდუსტრიას შორის არსებული წარმატებული მაგალითების მოძიება და გავრცელება.

„ფასდაუდებელია საგრანტო კონკურსი, რომელიც ღია იქნება როგორც კერძო, ასევე საჯარო პროფესიული განათლების დაწესებულებებისთვის, რაც მათ მისცემს შესაძლებლობას, გააუმჯობესონ განათლებისა და საგანმანათებლო პროგრამების ხარისხი, ინფრასტრუქტურა და გააძლიერონ ადამიანური რესურსი“ - აღნიშნა განთლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა.