geo eng
ახალი ტექნოლოგიების მნიშვნელობა საკლასო შეფასების გაუმჯობესებისთვის

2014-09-15

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განათლების სფეროს მკვლევრებმა, პრაქტიკოსმა ექსპერტებმა და განათლების პოლიტიკის სპეციალისტებმა 12-13 სექტემბერს, ბათუმში, შავი ზღვის მესამე საგანმანათლებლო კონფერენციზაზე სფეროში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, პრობლემები და სიახლეები განიხილეს. კონფერენცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინიციატივითა და ორგანიზებით და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭრით განხორციელდა. კონფერენცია დააფინანსა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველომ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში.

წელს, კონფერენცია ეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა "ახალი ტექნოლოგიები საგანმანათლებლო და საკლასო შეფასებაში". აღნიშნული საკითხი ათასწლეულის გამოწვევიის ფონდი - საქართველოს საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, შესაბამისად კონფერენციის ფინანსური მხარდაჭერა ფონდის ზოგადი განათლების პროექტის ფარგლებში განხორციელდა. ამასთანავე, კონფერენციაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს როგორც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს წარმომადგენლებმა და კონსულტანტებმა, ასევე აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ამერიკელმა თანამშრომლებმა.

„საქართველოში ინერგება საკლასო შეფასების სისტემა, რაც დაეხმარება მასწავლებელს შეაფასოს თუ რამდენად წარმატებით ასწავლის, კარგად ითვისებს თუ არა მოსწავლე მასალას და რა ცვლილებებია განსახორციელებელი სწავლების პროცესში. აღნიშნული დაეხმარება მასწავლებელს სწავლების ხარისხის განვითარებასა და გაუმჯობესებაში“ - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა მასმედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

შავი ზღვის მესამე საგანმანათლებლო კონფერენციაში მსოფლიოს 15 ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას. კონფერენციას ესწრებოდნენ განათლების სფეროს წამყვანი ექსპერტები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან, ჰოლანდიიდან, ლიტვიდან, ესტონეთიდან და შავი ზღვის რეგიონისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან.