geo eng
Studies of Labor Demand Barriers to Participation in STEM Education Programs and Occupations in Georgia

2014-05-18

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ხელშეწყობით განხორციელდა კვლევა, რომლის ამოცანა მდგომარეობდა გოგონებისა და სოციალურად დაუცველი ახალგაზრდების მიერ სკოლიდან უმაღლესი განათლების და შემდეგ დასაქმების მიმართულებით გზის შესწავლაში, რათა გარკვეულიყო თუ რატომ არ ირჩევენ გოგონები თავიანთ პროფესიებად „მძიმე მეცნიერებებს“? რატომ ამთავრებენ სოციალურად არათანაბარ პირობებში მყოფი ახალგაზრდები სკოლას მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო საგნების შედარებით ნაკლები ცოდნით?; და რომელი ტექნიკური პროფესიები არის დღევანდელ შრომის ბაზარზე დეფიციტური?

პირველი კვლევის ერთ-ერთი ყველაზე უფრო შემაშფოთებელი მიგნება გაკეთდა საერთაშორისო შეფასებების შედეგების, მოსწავლეებისა და სტუდენტების ფოკუსჯგუფების დისკუსიებისა და კითხვარების პასუხების საფუძველზე. . კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ იმ გოგონებშიც კი, (რომლებიც მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ბიჭებთან გათანაბრებულ შედეგებს აჩვენებენ) მასიურად დაბალია თვითშეფასება ამ საგნებთან მიმართებაში. მერყევია მათი რწმენა როგორც საკუთარ შესაძლებლობებში, ისე რთული მათემატიკური დავალებების შესრულებაში - ბიჭებთან შედარებით. ამგვარ, დამოკიდებულებას შესაბამისი გამოძახილი მოყვება მოგვიანებით, როდესაც არჩევანი კეთდება სწავლის გაგრძელებასა და/ან დასაქმებაზე მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის სფეროში. თუ ასე ცოტა გოგონა იფიქრებს, რომ თავისი მომავალი პროფესია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს დაუკავშიროს, ქალები კვლავაც უმცირესობაში დარჩებიან აღნიშნულ სფეროებში და სულ უფრო ნაკლები მისაბაძი მაგალითი ეყოლებათ გოგონებს.

უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში გოგონებმა და ქალებმა უდიდესი პროგრესი განიცადეს როგორც განათლების, ისე დასაქმების ასპარეზზე, მაგრამ თუკი გოგონები დარჩებიან სტერეოტიპების ტყვეობაში, კვლავ დაბალი თვითშეფასება ექნებათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მათემატიკის უნარებში ან სხვა მსგავს სფეროებში, სადაც მამაკაცები ჭარბობენ. ნიჭისა და უნარების დაკარგვა კვლავინდებურად პრობლემად დარჩება.

მეორე კვლევამ გამოავლინა ის წინაღობები, რომლებიც აფერხებენ სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მონაწილეობას საბუნებისმეტყველო, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მატემატიკის პროფესიულ და უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და დასაქმებაში. ერთ-ერთ ძირითად შემაფერხებელ ფაქტორად გამოვლინდა ასეთი მოსწავლეებისმშობლების მხრიდან არსებული მცირე მხარდაჭერა. გამოჩნდა, რომმასწავლებლებსაც არ აქვთ საკმარისად გაცნობიერებული თუ რა განსაკუთრებული საჭიროებები აქვთ სოციალურად არათანაბარ პირობებში მყოფ მოსწავლეებს საზოგადოების სხვა ფენებთან შედარებით, იქნება ეს ენის ბარიერი, ხელმოკლე არსებობა, დამატებითი გაკვეთილების მიღების შესაძლებლობის არ ქონა, მშობლის მხრიდან ინერტულობა და დაბალი ჩართულობა და ამავდროულად მშობლის ძლიერი ზეგავლენა ახალგაზრდების მიერ გაკეთებულ არჩევანზე.

სოციალურად არათანაბარ პირობებში მყოფი სტუდენტები, რომლებიც ტექნიკურ საგნებს ეუფლებიან, მიიჩნევენ, რომ მათი სასკოლო მომზადება მათემატიკასა და სხვა ტექნიკურ საგნებში იყო დამაკმაყოფილებელი. თუმცა, მათი შეფასება გაცილებით უფრო დაბალია სხვა თანატოლი ახალგაზრდების შეფასებაზე. პროფესიული სასწავლებლებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგების აზრით, სკოლა არასაკმარის მომზადებას აძლევს მოსწავლეებს ტექნიკურ საგნებში სწავლის გასაგრძელებლად და/ან სათანადო საწარმოო სფეროში დასაქმების მიზნით.

კარიერის დაგეგმვის სფეროშიც აკლიათ სოციალურად არათანაბარ პირობებში მყოფ სტუდენტებს რჩევები და სწორი ინფორმირება. ასეთი სტუდენტები სწავლის პროცესს უფრო რთულად მიიჩნევენ, ვიდრე თავიანთი თანატოლები. კვლევის შედეგების თანახმადარც დამსაქმებლები ქმნიან განსაკუთრებით მხარდამჭერ გარემოს სოციალურად დაუცველებისთვის.

ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან ჩატარებული ფოკუსჯგუფების დისკუსიები მიუთითებს იმაზე, რომ ქართული ენის არცოდნა წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე დიდ წინაღობას უმაღლესი განათლების მიღების სურვილისა და შესაძლებლობის მხრივ. ქართული ენის მოსამზადებელი კურსები უმცირესობის წარმომადგენელი სტუდენტების მაღალი მოთხოვნით სარგებლობს, თუმცა აშკარად იკვეთება მეტი პროგრამის შემუშავების საჭიროება.

მესამე კვლევამ გამოავლინა სუსტი კავშირები დამსაქმებლებსა და ტექნიკურ პროფესიულ სასწავლებლებს/უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის. მონაცემები გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში არსებობს კურსდამთავრებულთა უმუშევრობა ან/და დასაქმება შედარებით დაბალი კვალიფიკაციის პოზიციებზე, რაც ერთი მხრივ კავშირშია დამსაქმებლის მოთხოვნა-მოლოდინებისა და სასწავლო დაწესებულებების მიერ წარმოდგენილი შედეგების შეუსაბამობასთან. მეორე მხრივ, ეს პრობლემა უკავშირდება დამსაქმებლების მერყეობასაც თუ რომელი პროფესია ისარგებლებს მაღალი მოთხოვნით მომავალში. კითხვაზე თუ სად ეძებენ კვალიფიციურ კადრებს დამსაქმებლების უმრავლესობა პასუხობდა, რომ სარგებლობს საკუთარი კონტაქტების ქსელით, ნაცვლად იმისა რომ დაუკავშირდეს პროფესიულ და უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებს.

კვლევის ანგარიშში გამოყოფილია ძირითადი საწარმოო სფეროები, რომლებშიც არსებობს მოთხოვნა კვალიფიციურ კადრებზე ოპერატორის, ტექნიკოსისა და ტექნიკური მენეჯერის დონეზე. ამჟამად დამსაქმებელი საკმაოდ სკეპტიკურად არის განწყობილი პროფესიული ცენტრებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კურსდამთავრებულთა კვალიფიკაციისა და სასწავლო დაწესებულებების უნარების მიმართ - მოამზადონ მათთვის საჭირო კვალიფიკაციცის მქონე კადრები, რაც თავისთავად აისახება სუსტ ურთიერთკავშირში, რომელიც დღესდღეობით არსებობს დამსაქმებლებსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის.

აქ მოცემულმა კვლევებმა ნათლად წარმოგვიდგინა ის დაბრკოლებები და შესაძლებლობები, რომლებსაც აწყდებიან გოგონები და სოციალურად არათანაბარ პირობებში მყოფი ახალგაზრდები მეცნიერების, ტექნოლოგიების, საინჟინრო და მათემატიკის შესწავლის და შემდომი დასაქმების სფეროში. ანგარიში აგრეთვე მოიცავს კვლევის შედეგებზე დაყრდნობით შემუშავებულ რეკომენდაციებს, რომლებიც გამოყენებული იქნება ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ დაფინანსებული პროექტების მიზნობრივი დაგეგმვისთვის. 


MCA-G Labor Gender Social Study Report