geo eng
აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტყოფის მე-2 საჯარო სკოლა გახსნა

2019-09-17

გაუმჯობესებული სასწავლო გარემო 91 საჯარო სკოლის 39 000-მდე მოსწავლისთვის

2019 წლის 16 სექტემბერს, აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) ახლადდანიშნული აღმასრულებელი დირექტორი შონ ქეირნქროსი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პირველად ეწვია.  ახალი აკადემიური წლის დაწყების აღსანიშნავად ქეირნქროსი სოფელი მარტყოფის ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებულ მე-2 საჯარო სკოლას ეწვია, სადაც სკოლის გახსნის საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში  მონაწილეობას მიიღეს და მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყებას მიულოცეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარმა დეპუტატმა შოთა ხაბარელმა, ქვემო ქართლის ვიცე-გუბერნატორმა კახა კობერიძემ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა რამაზ ბუდაღაშვილმა და საქართველოს პარლამენტის და მთავრობის წევრებმა.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფებით საქართველოში და ვიღებ მონაწილეობას მარტყოფის მე-2 საჯარო სკოლის გახსნაში. 140 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია, რომელიც გასწია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციამ, დაეხმარება ქვეყანას გააძლიეროს ადამიანური კაპიტალი. პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა 91 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და საბუნებისმეტყველო საგნების  20 000-მდე პედაგოგის გადამზადება, რაც შეუძლებელი იქნებოდა ერთობლივი ძალისხმევის გარეშე. მარტყოფის სკოლის ინფრასტრუქტურა არის ყველასთვის მაგალითის მიმცემი, რათა მოსწავლეებმა უსაფრთხო სასწავლო გარემოში შეძლონ სიახლეების ძიება“ - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) აღმასრულებელმა დირექტორმა შონ ქეირნქროსმა.

„ახალ სასწავლო წელს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი 13-ი ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლის გახსნით იწყებს, მათ შორის არის მარტყოფის მე-2 საჯარო სკოლა, რომელიც დღეს საზეიმოდ გავხსენით. ჩვენი ფონდის საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში 39 000-მდე მოსწავლეს უკვე აქვს შესაძლებლობა, განახლებულ უსაფრთხო, თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვილს 91 საჯარო სკოლაში მიიღოს განთლება უკეთესი მომავლისთვის,“ - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

ათასწლეულის გამოწვევის 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტი (გრანტი), რომელიც კორპორაციამ საქართველოს მთავრობასთან ერთად შეიმუშავა 2014 წელს დაიწყო და ითვალისწინებს საქართველოში ადამიანური კაპიტალის განვითარებას ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობად. კომპაქტს ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველო. შესაბამისად, ხუთი წლის განმავლობაში,  ფონდმა განახორციელა საგანმანთლებლო პროექტები ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიმართულებით.

2019 წელს, ფონდის საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში,  სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 33 საჯარო სკოლას, საიდანაც 13 სკოლა სექტემბერში გაიხსნება. ჯამში, ათასწლეულის გამოწევის ფონდმა, 2014-2019 წლებში, სრული რეაბილიტაცია 91 საჯარო სკოლას ჩაუტარა საქართველოს ყველა რეგიონში, რომლის შედეგადაც სასწავლო გარემო 39 000-მდე მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. თითოეული სკოლა აღჭურვილია საბუნებისმეტყველო საგნების თანამედროვე ლაბორატორიით. საჯარო სკოლების რეაბილიტაციის პროექტის ბიუჯეტი 54 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.