geo eng
გორის N9 საჯარო სკოლა პროექტის #მოვუაროთსკოლას გამარჯვებულია

2019-08-02

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე ფონდის მიერ ორგანიზებული კონკურსის #მოვუაროთსკოლას გამარჯვებულ გორის #9 საჯარო სკოლას ესტუმრა და დააჯილდოვა. ჯამში, ფონდმა პროექტის ფარგლებში სამი გამარჯვებული გამოავლინა: სოფელ ფხვენისის საჯარო სკოლა, ქუთაისის N17 საჯარო სკოლა და გორის N9 საჯარო სკოლა. კონკურსში ფონდის მიერ რეაბილიტირებულ საჯარო სკოლებს შეეძლო მონაწილეობის მიღება. შედეგად, გამოვლინდა სამი გამარჯვებული სკოლა, რომელმაც მოვლის და პატრონობის გრძელვადიანი და თანმიმდევრული საუკეთესო გეგმა შეიმუშავა და დანერგა.

„დღეს გორის N9 საჯარო სკოლას ვეწვიეთ და სპეციალური პრიზი, სასკოლო აღჭურვილობა გადავეცით. სკოლამ პროექტში #მოვუაროთსკოლას პირველი ადგილი დაიკავა, რადგან მოვლა-პატრონობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კონცეფცია წარადგინა. გვჯერა, ის ინვესტიცია რაც ამ და კიდევ სხვა 90 სკოლაში განახორციელა ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, კიდევ უფრო გაძლიერდება თავად სკოლების მხრიდანაც,“- განაცხადა ფონდის დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

ქალაქ გორის N9 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის დაფინანსებით განხორციელდა. დამოუკიდებელი კომისიის შეფასებით #მოვუაროთსკოლას კონკურსის ფარგლებში N9 საჯარო სკოლის ადმინისტრაციის მიერ წარმოდგენილი და დანერგილი მოვლა-პატრონობის მოდელი ერთ-ერთი გამორჩეულია და სრულად პასუხობს ფონდის მიერ შემუშავებულ მოვლა-პატრონობის  ჩარჩო-გეგმას.

ინოვაციური კამპანია #მოვუაროთსკოლას მეორე წელია ხორციელდება და მისი მიზანია საჯარო სკოლების მიერ შემუშავებული მოვლა-პატრონობის  პოლიტიკის წახალისება. პროექტი ხელს უწყობს მოსწავლეების, მასწავლებლების, სკოლის ადმინისტრაციის და ადგილობრივი თემის ცნობიერების ამაღლებას და სკოლის მოვლის საკითხში პასუხისმგებლობის გაზიარებას.

#მოვუაროთსკოლას  ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივით და ემსახურება მსოფლიოში აპრობირებული მიდგომის, მოსწავლეების, პერსონალისა და თემის მიერ საკუთარ სკოლაზე ზრუნვის, დანერგვას საქართველოში. კამპანიის მიზანია სკოლაზე ზრუნვის, მისი დასუფთავების, მოწესრიგების და მოვლის პასუხისმგებლობის გაზიარება და ამ მიმართულებით, საქართველოში არსებული საუკეთესო პრაქტიკის გავრცობა-პოპულარიზაცია.

ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის შესახებ:  2013 წელს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციასა და საქართველოს მთავრობას შორის ხელი მოეწერა მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის გრანტს (კომპაქტს), რომლის მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა ზოგადი, ტექნიკური, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით. კომპაქტი ძალაში შევიდა 2014 წლის 1 ივლისს და ხორციელდება ხუთი წლის განმავლობაში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს მიერ.