geo eng
თემაზე ,,გენდერული თანასწორობის როლი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“ შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა

2019-06-03

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველომ რიგით მეცხრე და საბოლოო შეხვედრა გამართა თემაზე -,,გენდერული თანასწორობის როლი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის“.

შეხვედრაზე იმსჯელეს ადამიანური კაპიტალის განვითარების საქმეში გენდერული თანასწორობის როლზე, ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობასა და ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ განხორციელებული მეორე კომპაქტის მიღწევებზე, გამოწვევებსა და გამოცდილებაზე გენდერული თანასწორობისა და სოციალური ჩართულობის კუთხით.

როგორც ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ ღონისძიების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა გენდერული თანასწორობის კუთხით განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე.

„დღეს, საქართველოს პარლამენტის წევრებთან ერთად განვიხილეთ, თუ რა გამოწვევებია საქართველოში გენდერული და სოციალური თანასწორობის კუთხით, განსაკუთრებით, განათლების სისტემაში რა გვიჭირს, რა რეკომენდაციები გაგვიწიეს ჩვენმა ექსპერტებმა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივმა და რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისთვის, რომ საქართველომ მიაღწიოს უფრო თანასწორ გარემოს განათლების სისტემაში,“- განაცხადა მაგდა მაღრაძემ.

შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ჯეფრი რენო, აშშ-ის საელჩო; ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ჯენერ ედელმანი და პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრი გუგული მაღრაძე,

როგორც აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯეფრი რენომ ჟურნალისტებთან განაცხადა, გოგონებისა და ქალების თანაბარი ჩართულობა განათლების სისტემაში ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანია.

„პროგრამა სპეციფიკურია, რადგან ემსახურება გოგონების და ქალების ჩართულობის გაზრდას მეცნიერების, ტექნოლოგიის, მათემატიკის და ინჟინერიის მიმართულებით. ძალიან მნიშვნელოვანია მოხდეს მათი მონაწილეობა ამ დარგებში, რადგან ეს არის მნიშვნელოვანი როგორც თითოეული მათგანის, ისე სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარებისთვის,“- განაცხადა ჯეფრი რენომ.

გენდერული უთანასწორობა ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს. ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს“ მიზანია, თანაბარი წვდომისა და სარგებელის, სოციალური ჩართულობისა და გენდერული ინტეგრაციის უზრუნველყოფა კომპაქტის ყველა პროგრამაში.

 ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველო“ აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტს (გრანტი) ახორციელებს საქართველოში, ახდენს 140 მლნ აშშ დოლარის ინვესტირებას ქვეყნის განათლების სექტორში, რაც მიზნად ისახავს ადამიანური კაპიტალის განვითარების გზით ეკონომიკურ ზრდას, უმუშევრობის შემცირებასა და სიღარიბის დაძლევას.