geo eng
ქუთაისში ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ მიერ რეაბილიტირებული ორი სკოლა გაიხსნა

2019-02-28

,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, ქუთაისში ახლად რეაბილიტირებული საჯარო სკოლები გაიხსნა, რის შედეგადაც, 2000-მდე მოსწავლეს გაუუმჯობესდა სასწავლო გარემო.

 30-ე და 36-ე საჯარო სკოლები, რომლებშიც სრულად რეაბილიტირდა სასწავლო ინფრასტრუქტურა და აღიჭურვა საბუნებისმეტყველო ლაბორატორიით, აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა, ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ და სხვა ოფიციალურმა პირებმა გახსნეს.

 ,,ფონდი განაგრძობს საჯარო სკოლების რეაბილიტაციას საქართველოს რეგიონებში. იმერეთში 17 სკოლის რეაბილიტაციას ვახორციელებთ, საიდანაც 8 ქუთაისში მდებარეობს. წლის ბოლომდე, 91 სკოლის სრული რეაბილიტაცია და ლაბორატორიებით აღჭურვაა დაგეგმილი, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქვეყანაში სწავლა-სწავლების პროცესის წარმატებით განხორციელებას” -აღნიშნა ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

  ფონდი საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო პროექტს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) გრანტით ახორციელებს: ,,ძალიან მიხარია, რომ ამ სკოლების მოსწავლეებს უკვე ექნებათ კომფორტული და უსაფრთხო სასწავლო გარემო, თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები და კეთილმოწყობილი საკლასო ოთახები. სკოლების რეაბილიტაციის პროექტი ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს განათლების სისტემის გაძლიერებას“ - აღნიშნა აშშ-ის ელჩის მოადგილემ, ელიზაბეთ რუდმა.

  განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის  ნათია ზედგენიძის განაცხადებით, მსგავსი ტიპის გამართული, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს განათლების სისტემის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის წინსვლისთვის.         

 ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო” დასავლეთ საქართველოში 2018 წლიდან აწარმოებს 33 საჯარო სკოლის სრულ რეაბილიტაციას. 2014-2019 წლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 71 საჯარო სკოლა, რის შედეგადაც, სასწავლო გარემო 30,000-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. დღემდე, ფონდის მიერ რეაბილიტაცია ჩაუტარდა 175 ათასამდე კვადრატულ მეტრ ფართს, რისთვისაც 31,811,871 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა.

  საჯარო სკოლებს ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში 91-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მათი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვაა დაგეგმილი.