geo eng
ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ნახევარფინალის შედეგები

2019-02-01

გამოცხადდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ათასწლეულის ინოვაციის კონკურის ნახევარფინალის შედეგები.  ექსპერტთა კომისიამ, მეორე ეტაპზე გასული ოცდაათი გუნდიდან, კონკურსის ფინალისთვის შეარჩია ცამეტი გუნდი. ნახევარფინალისტების შერჩევა მოხდა ინტერვიუებისა და პროექტების პრეზენტაციების საფუძველზე, ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით.

კონკურსის მესამე, ფინალურ ეტაპზე გადავიდნენ გუნდები თბილისის, სენაკის, ქუთაისის და თელავის სკოლებიდან. ფინალისტებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი გაუწევს ფინანსურ მხარდაჭერას, რაც შესაძლებლობას მისცემს გუნდებს, განავითარონ ინოვაციური პროექტები და დასრულებული სახით წარადგინონ კონკურსის ფინალში.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი გაიმართება 2019 წლის გაზაფხულზე, თბილისში. გუნდები კონკურსის კომისიის წინაშე წარადგენენ დასრულებულ პროექტებს და შედეგად, ექსპერტთა კომისია შეარჩევს გამარჯვებულებს. ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პირველ ადგილზე გასული გუნდი გაემგზავრება აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებს NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამაში, აშშ-ში. მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდებიან პრიზებით.

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსს 2014 წლიდან ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველო აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან და ნასას კოსმოსურ ცენტრთან თანამშრომლობით. წელს, კონკურსის პარტნიორია თიბისი, ხოლო ტექნოლოგიური მეგობარი - სილქნეტი.

ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში, რაც გაზრდის მათ მოტივაციას აღნიშნულ დისციპლინებში და ხელს შეუწყობს ქვეყანაში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში ახალ მიღწევებს. პროექტის ერთ-ერთი მიზანია კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეების დაკავშირება წარმატებულ მეცნიერებთან და კერძო სექტორთან, რაც დაეხმარება მათ სამომავლოდ პარტნიორობის დამყარებაში, გამოცდილებისა და ცოდნის მიღებაში.  

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალურ ეტაპზე გასული პროექტების სია:

1. აგრიკულტურული მოზაიკური ადიტიური შუქფილტრი აპკი შერჩევითი ფოტოსინთეზისთვის | სკოლა აია-ჯესს, თბილისი
2. ბარნის სმარტ ლაბირინთი | გივი ზალდასტანიშვილის ამერიკული აკადემია, სკოლა აია-ჯესს, სკოლა   პროგრესი, თბილისი, ქუთაისი
3. ესკულაპე | სკოლა აია-ჯესს, წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზია, თბილისი, სენაკი
4. Infrared Camera Drone | 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი
5. მოძრაობის სკანერი | 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი
6. სიმსივნის ლოკალური ლიკვიდაცია ნანორობოტის საშუალებით | 199-ე საჯარო სკოლა, სკოლა აია-ჯესს, თბილისი
7. Cyber Guide | 42-ე საჯარო სკოლა, თბილისი
8. ტრიბოელექტრული ფარდა | 199-ე საჯარო სკოლა, კლასიკური გიმნაზია, IT კოლეჯი, თბილისი
9. უნივერსალური ავზი | 199-ე საჯარო სკოლა, თბილისი
10. უსინათლოსთან გარემოს მაადაპტირებელი სისტემა | 22-ე და 25-ე საჯარო სკოლა, ქუთაისი
11. უცემენტო ბეტონი | ევროპული სკოლა, თელავი
12. Carქესი | ევროპული სკოლა, თბილისი
13. Hand-Held Schlierenoscope - მობილური დეტექტორი და რეტრო რეფლექტორული მოზაიკური ეკრანი | აია-ჯესს, თბილისი