geo eng
“ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის” - ათასწლეულის გამოწვევის ფონდი კონკურსს აცხადებს

2019-01-30

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო აცხადებს კონკურსს - „ბიზნესი გენდერული თანასწორობისთვის“. კონკურსის შედეგად გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საქართველოში მოქმედი კომპანიები, რომლებიც ხელს უწყობენ ქალების განათლებას, პროფესიულ განვითარებას და წინსვლას.

გენდერული უთანასწორობა მნიშვნელოვნად აფერხებს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. ამდენად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდისთვის გენდერული საკითხები ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობა კი მნიშვნელოვანია გენდერული თანასწორობის მისაღწევად.

პროფესიასა და კარიერაში ქალების განვითარების ხელშეწყობის კონკურსი წელს მეოთხედ ტარდება. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია კერძო სექტორში მოქმედ კომპანიებს, რომლებიც ამკვიდრებენ ქალების პროფესიული განვითარების და წინსვლის საორგანიზაციო კულტურას და უზრუნველყოფენ თავიანთ კომპანიებში თანასწორ გარემოს, თანაბარ წვდომას რესურსებსა და შესაძლებლობებზე.

„კონკურსის მიზანი გახლავთ იმ ბიზნესების და კომპანიების ხელშეწყობა, რომლებიც ნერგავენ ქალთა გაძლიერების, სწავლების, განათლების და პროფესიული განვითარების პრინციპებს. ეს კონკურსი ეხმიანება გაეროს ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპებს, რომელიც გახლავთ მოძრაობა და მასში უკვე გაწევრიანებულია ათასობით კომპანია მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ქართული კომპანიებიც.

მოხარულები ვართ, რომ გვაქვს საშუალება, გამოვავლინოთ ბიზნესებში დანერგილი პრაქტიკის ის საუკეთესო მაგალითები, რომელიც ხელს უწყობს ქალების განვითარებას, გაძლიერებას, მათ სწავლებას, განათლების მიღებას.  დამოუკიდებელი ჟიური  ყოველ წელს განიხილავს შემოსულ აპლიკაციებს.

საქართველოში მოღვაწე ყველა ბიზნესს აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს აღნიშნულ კონკურსში. კონკურსი დასრულდება 27 თებერვალს, ხოლო გამარჯვებულთა დაჯილდოების გალა ცერემონია ქალთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნება. დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ვებ-გვერდზე იხილოთ,“- აღნიშნავს მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი.,.

წელს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი აღნიშნულ კონკურსს ბიზნეს ლიდერთა ფედერაციასთან „ქალები მომავლისთვის“ ერთად ატარებს, რათა უზრუნველყოს მისი მდგრადობა და გაგრძელება მომავალში.

საკონკურსო მოთხოვნები ითვალისწინებს თანასწორი სამუშაო გარემოს შექმნას, ქალების მონაწილეობის ხელშეწყობას სხვადასხვა საგანმანათლებლო და შემეცნებით საქმიანობაში, მათი მოტივაციის ამაღლებასა და მუდმივი პროფესიული ზრდის უზრუნველყოფას. 

„მოხარული ვართ, რომ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ  წამოწყებული  უნიკალური კონკურსის მემკვიდრეები ვიქნებით. წელს, პირველად ვართ თანაორგანიზატორები ამ კონკურსის და შემდგომ, რა თქმა უნდა, დაჯილდოების. მომავალი წლიდან კი ვეცდებით დამოუკიდებლად განვახორციელოთ ეს კონკურსი.

როცა ვსაუბრობთ ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, რასაც რეალურად ჩვენი ფედერაცია ემსახურება, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს რეალობაში არსებობენ ბიზნეს კომპანიები , რომლებიც ამ მიმართულებით ზრუნავენ, ეს არის სოციალური პასუხისმგებლობა და კონკურსი მათ გამოვლენას ემსახურება  ,“- აღნიშნავს  თეა გოგუაძე, ბიზნეს ლიდერთა ფედერაციის „ქალები მომავლისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი..

წინა წლების კონკურსებში გამარჯვებული კომპანიები არიან: თიბისი ბანკი, ბრითიშ პეტროლეუმი საქართველო, ლივინგსტონი, ასოციაცია „ქართული ღვინო“, დიო, შავი ზღვის უნივერსიტეტი და ჯეოსელი, აჭარა ჯგუფი, ჯიპიაი ჰოლდინგი, პროფესიული სწავლებისა და ტრენინგის ცენტრი ქუთაისში.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვებული კომპანიების უმრავლესობამ, კონკურსის დასრულების შემდეგ არ შეწყვიტა გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკა და არ შეცვალა განვითარების კურსი.  კომპანიების აღმასრულებელმა დირექტორებმა ხელი მოაწერეს ქალთა უფლებების გაფართოების პრინციპების „მხარდამჭერ განცხადებას“, რომლიც თანახმად მათ საჯაროდ აიღეს ვალდებულება საკუთარ კომპანიებში ისეთი პოლიტიკის შემუშავებაზე, რომელიც ხელს შეუწყობს გენდერულ თანასწორობას. ამ განცხადების ხელმოწერით ბიზნეს ლიდერები საჯაროდ გამოთქვამენ მზადყოფნას ჩაერთონ ქალთა უფლებების გაფართოების საქმეში და უზრუნველყონ ის ყველა დონეზე. ქალებისა და კაცების მიმართ თანასწორი დამოკიდებულება წარმოადგენს არა მხოლოდ სწორი პოზიციას, არამედ მრავალფეროვანი გარემო სასარგებლოა თავად ბიზნესისთვის.

ქალების სრულფასოვანი და სრულუფლებიანი ჩართვა სამუშაო პროცესებში შესაძლებელს ხდის მდგრადი განვითარებისა და კორპორატიული პასუხისმგებლობის განხორციელებას. ქალთა უფლებების გაფართოების შვიდ საფეხურიანი პროგრამა ეხმარება კომპანიებს გეგმების რეალიზებაში, ბიზნესისა და საზოგადოების გაჯანსაღებაში და თანასწორობის მიღწევაში.

მონაწილეობის მსურველმა კომპანიებმა უნდა შეავსონ საკონკურსო განაცხადი, რომელშიც საკუთარი საქმიანობისა და გამოცდილების მაგალითზე წარმოაჩენენ თუ როგორ არის შესაძლებელი რეალურად შეუწყონ ხელი ქალების განათლებას, სწავლებასა და პროფესიულ განვითარებას.

საკონკურსო განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2019 წლის 27 თებერვალი.

ჩამოტვირთეთ საკონკურსო განაცხადი.