geo eng
ზესტაფონის სრულად რეაბილიტირებული მეექვსე და მეშვიდე საჯარო სკოლები ოფიციალურად გაიხსნა

2019-01-22

2019 წლის საგაზაფხულო სემესტრისთვის ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა - საქართველომ“ 12 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაასრულა, მათ შორისაა, ზესტაფონის მეექვსე და მეშვიდე საჯარო სკოლები, რომლებიც ოფიციალურად გაიხსნა. საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, სასკოლო გარემო მე-6 სკოლის 600-მდე, ხოლო მე-7 სკოლის 1200-მდე მოსწავლისათვის გაუმჯობესდა.

სკოლები საზეიმოდ გახსნეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგინიძემ, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა შავლეგო ტაბატაძემ, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერმა კახაბერ მახათაძემ.

,,საგაზაფხულო სემესტრს მოსწავლეები სრულად განახლებულ - ახალ სასწავლო გარემოში ხვდებიან, რაც ხელს შეუწყობს მათი სწავლა-სწავლების პროცესის უკეთ წარმართვას,“ - აღნიშნა ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა - მაგდა მაღრაძემ.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის - შავლეგო ტაბატაძის თქმით, ამ პროექტის ფარგლებში, რეგიონში, ჯამში, 17 სკოლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. მან მადლობა გადაუხადა ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდ - საქართველოს“, რომელის აფინანსებს და ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს.

,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი  - საქართველოს” საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტის ფარგლებში, დღემდე, სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა და თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა 69 საჯარო სკოლა, რის შედეგადაც, სასწავლო გარემო რეგიონებში მცხოვრები 29,000-ზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდა. სრული რეაბილიტირებული ფართი 172,422 კვადრატულ მეტრს მოიცავს, რისთვისაც, ჯამში, დაიხარჯა 30 მლნ აშშ დოლარი.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში 91-მდე საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია და მათი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვაა დაგეგმილი.

საჯარო სკოლების რეაბილიტაციას აფინანსებს აშშ-ის მთავრობა, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე, 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტით/გრანტით. ჯამში, საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის კომპაქტიდან 54 მლნ აშშ დოლარის ბიუჯეტია გამოყოფილი.  პროექტის შედეგად, 37 ათასზე მეტი მოსწავლისთვის გაუმჯობესდება სასწავლო გარემო საქართველოს რეგიონებში არსებულ საჯარო სკოლებში.