geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ ინიცირებული საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის პროექტი

2019-01-14

უსაფრთხო, ჯანსაღი, სწავლის მასტიმულირებელი  და მიმზიდველი გარემო მოსწავლეების სწავლის შედეგის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის უნიფიცირებული  და მოქნილი სისტემა შესაძლებლობას მისცემს სკოლებს, დროული რეაგირება მოახდინონ და გაატარონ ყველა საჭირო ღონისძიება მოსწავლეთა და მასწავლებელთა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. 

საქართველოში დღეისათვის არ არსებობს  საჯარო სკოლების გამართული მოვლა-პატრონობის სისტემა და ნორმატივები, რაც განაპირობებს შენობების მდგომარეობის დროთა განმავლობაში გაუარესებას.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველომ ინიცირება გაუკეთა სკოლების მოვლა-პატრონობის სისტემის შემუშავების პროექტს, რომლის მიზანია საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის უნიფიცირებული  და მოქნილი სისტემის შექმნა და პილოტირება.

პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით შექმნილია საინიციატივო ფონდი, საერთო ბიუჯეტით 5 მილიონი აშშ დოლარი.  ფონდის მიზანია დააფინანსოს ისეთი აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს შემუშავებული სკოლების მოვლა-პატრონობის პოლიტიკის წარმატებულ განხორციელებას.  ფონდის დაფინანსებით ხორციელდება შემდეგი აქტივობები:

• შემუშავდა საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის სისტემის ჩარჩო გეგმა და ნორმატივები. დოკუმენტი მოიცავს სკოლების ოპერირების თანამედროვე, საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შემუშავებულ ნორმატივებს.  
• შემუშავდა საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის პროგრამის მართვისათვის სპეციალური კომპიუტერული პროგრამა „მნე“;
•  ხორციელდება საქართველოს ყველა საჯარო სკოლის ინფრასტრუქტურის აღრიცხვა, რაც მოიცავს ორ კომპონენტს:

· საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის სრული ინვენტარიზაცია
· საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის ფიზიკური მდგომარეობის შესწავლა
· მონაცემების განათლების ერთიან მონაცემთა ბაზაში „eSchool“ შეყვანა

•  ხორციელდება საჯარო სკოლების მოვლა-პატრონობის სისტემის პილოტირება საქართველოს რამდენიმე საჯარო სკოლაში, ჯამში 45 მუნიციპალიტეტში.  პილოტირების მიზანია ჩაუტარდეს ტრენინგები სკოლების ადმინისტრაციის, მუნიციპალიტეტის და რესურს ცენტრის წარმომადგენლებს, რათა მათ შეძლონ შეადგინონ საპილოტე სკოლების მოვლა-პატრონობის პროგრამა და დაიწყონ აღნიშნული პროგრამის განხორციელება შესაბამის სკოლებში. 

საპილოტე სკოლები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩა:

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ სრულად რეაბილიტირებული საჯარო სკოლები საქართველოს რეგიონებში (ჯამში 91 საჯარო სკოლა).
2018 წელს შერჩეული თიანეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების საპილოტე სკოლები (სულ 20 საჯარო სკოლა).
2015-2018 წლებში საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს (ESIDA) მიერ რეაბილიტირებული საჯარო სკოლები სულ მცირე 100 მოსწავლით (სულ 18 საჯარო სკოლა)

დამატებითი ინფორმაციისთვის ან შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ქ-ნ ინდირა ამირანაშვილს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს ზოგადი განათლების პროექტის მენეჯერს, ტელ.: +995 32 2428 528 (ext. 119), ელ.ფოსტა: iamiranashvili@mcageorgia.ge,


2013 წლის 26 ივლისს აშშ-ის მთავრობის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციას (MCC) და საქართველოს მთავრობას შორის ხელმოწერილი მეორე კომპაქტის (140 მლნ აშშ დოლარის საგრანტო ხელშეკრულება) მიზანია საქართველოში სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების გზით.  კომპაქტს საქართველოში ახორციელებს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო (MCA-Georgia).  კომპაქტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს რეგიონებში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის და სასწავლო გარემოს გაუმჯობესება.  კომპაქტის ფარგლებში ხორციელდება საჯარო სკოლების ოპერირებისა და მოვლა-პატრონობის (Operation and Maintenance) პროექტი.  დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. www.mcageorgia.ge