geo eng
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა საქართველოში კარიერული განვითარების ცენტრის გახსნის და სტუდენტების დაჯილდოების ოფიციალურ ცერემონიას უმასპინძლა

2018-12-08

7 დეკემბერს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა (SDSU) საქართველოში კარიერული განვითარების ცენტრის (CDC) გახსნის და სტუდენტების დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გამართა. ღონისძიების ფარგლებში დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გასცნობოდა კარიერული განვითარების ცენტრის მთავარ მიზნებსა და აქტივობებს.  ასევე აშშ-ის უნივერსიტეტებში სტუდენტების დასაქმების საუკეთესო მაგალითებს, რომლის დანერგვასაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში გეგმავს. ღონისძიებაზე აგრეთვე გაიმართა სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია, რომლის დროსაც კერძო და საჯარო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა უნივერსიტეტის წარჩინებულ და სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სასწავლო სტიპენდიები გადასცეს. 

ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი საქართველოში, ელჩი - როს უილსონი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე - ირინა აბულაძე, საქართველოს რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე - გრიგოლ კაცია, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი - მაგდა მაღრაძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში - ჰალილ გუვენი, ბიზნესსექტორის, აკადემიური ინსტიტუტების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

,,ეს კარიერული ცენტრი გახლავთ ახალი ინიციატივა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსდამთავრებულები  დასაქმდნენ და დარჩნენ საქართველოში, რადგანაც ეს არის საუკეთესო  ადამიანური კაპიტალი, რაც მომზადდა საინჟინრო და საბუნებიმსეტყველო დარგებში“, -  აღნიშნა ,,ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს“  აღმასრულებელმა დირექტორმა - მაგდა მაღრაძემ.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს პირველი კურსდამთავრებულები ეყოლება საქართველოში.

 „აშშ-ში დიდი ყურადღება ექცევა უნივერსიტეტსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობას. ჩვენ წარმატებული ამერიკული მაგალითის დანერგვა გვსურს საქართველოში. უკვე რამდენიმე წელია წარმატებით ვთანამშრომლობთ კერძო და საჯარო სექტორთან საქართველოში. ამის მაგალითია ერთობლივი სტუდენტების სტაჟირების პროგრამები, ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმები და რა თქმა უნდა, კერძო და საჯარო პარტნიორობის ფონდი, რომლის მეშვეობითაც მრავალი წარმატებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტის სწავლის დაფინანსება გახდა შესაძლებელი.“ - განაცხადა უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში ჰალილ გუვენმა.

კარიერული განვითარების ცენტრის მთავარი მიზანია მოამზადოს სტუდენტები წარმატებული კარიერისთვის. ცენტრი ხელს შეუწყობს სტუდენტებს დასაქმებისთვის აუცილებელი ზოგადი უნარ-ჩვევების განვითარებაში და  საკუთარი განათლებისა და კარიერის სწორად წარმართვაში. შეთავაზებული იქნება კარიერული კონსულტაციები, ტრენინგები, შეხვედრები დამსაქმებლებთან, დასაქმებისა და სტაჟირების გამოფენები, თემატური სემინარები და სხვა.  ცენტრი მჭიდროდ ითანამშრომლებს კერძო და საჯარო ორგანიზაციებთან სტუდენტების სტაჟირების, დასაქმებისა და ინოვაციური პროექტების კუთხით.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა სტუდენტების დაჯილდოების ცერემონია, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს: ფონდი ქართუს, საქართველოს ბანკის, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის (GWP), აშშ-ის საელჩოს, საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის (GIG), სილქნეტის,  GDI Group-ის, GM Pharma-ს და TBC ბანკის წარმომადგენლები. მათ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებული და სოციალურად დაუცველი სტუდენტები სტიპენდიებით დააჯილდოვეს.