geo eng
2018 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს ფინალისტების ვინაობა ცნობილია

2018-11-12

პროფესიული განათლების კვირეული 9 ნოემბერს დასრულდა პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გადაცემის გალა ცერემონიით. დასკვნით ღონისძიებაზე, პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო 2018-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ ოთხ კატეგორიაში - საუკეთესო სტუდენტად საზოგადოებრივი კოლეჯის „იკაროსი“ სტუდენტი და ამჟამად სასტუმრო „ბილტმორის“ მზარეული თამარ გოგრიჭიანი დასახელდა, წლის პროფესიული განათლების მასწავლებლის სტატუსი  საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის სამრეწველო ავტომატიზაციის და ციფრული ელექტრონიკის პედაგოგმა ია მოსაშვილმა მოიპოვა. რაც შეეხება 2018 წლის პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას - ამ ნომინაციაში საზოგადოებრივმა კოლეჯმა ,,მერმისმა” გაიმარჯვა. წლის საუკეთესო ბიზნესპარტნიორად საქართველოს რკინიგზა დასახელდა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს დირექტორის - მაგდა მაღრაძის თქმით, პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში 5-9 ნოემბერს, მოეწყო არაერთი ფორუმი თუ ღია კარის დღე, რომელიც პროფესიული განათლების პოპულარიზაციას ისახავდა მიზნად.

„საქართველოს წარმატება წარმომიდგენია სწორედ განათლების სექტორის ძირეული რეფორმით და ამ რეფორმაში პროფესიულ განათლებას უნდა ჰქონდეს ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი“ - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გამარჯვებულების დაჯილდოების ღონისძიებაზე. 

გალა დაჯილდოებას ესწრებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი, აშშ-ის ელჩის მოადგილე ელიზაბეტ რუდი, საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლების, განათლების, კერძო სექტორის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

გამარჯვებულებს სპეციალური პრიზი გადასცა გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა,  რომელიც აღნიშნული ღონისძიების გენერალური სპონსორია. გამარჯვებულები სპეციალურად მათთვის შექმნილი სასწავლო ვიზიტით გაემგზავრებიან გერმანიაში, სადაც გაეცნობიან ევროპულ გამოცდილებას თავიანთ სპეციალობებში და დაესწრებიან ევროპის ერთ-ერთი უმსხვილეს პროფესიული განათლების გამოფენას - ,,Didacta, the Education Trade Fair-ს“.

პროფესიული განათლების კვირეულის ფარგლებში, 5-9 ნოემბერს მოეწყო „ღია კარის დღეები“ ათ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც წარმოდგენილი იყო ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მხარდაჭერით შექმნილი ახალი პროფესიული პროგრამები. 12 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო თანხით, დაფინანსდა ათი საგანმანათლებლო სასწავლებელი, სადაც შეიქმნა თანამედროვე შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი 51 ახალი პროფესიული პროგრამა საინჟინრო, სამშენებლო, საზღვაო, ტურიზმის, საინფორმაციო ტექნოლოგიების, ავიაციისა და სოფლის მეურნეობის დარგებში. სასწავლებლები ასევე, აღიჭურვა თანამედროვე ლაბორატორიებითა და სასწავლო სიმულატორებით. „ღია კარის“ დღეებზე დასწრება და ინფორმაციის მიღება თავისუფალი იყო.

„პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო“ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივაა, რომელიც ხორციელდება პროექტის „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ ფარგლებში და დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ.  ჯილდო წელს მეორედ ჩატარდა. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზება, ქვეყანაში პროფესიული სასწავლებლების, მასწავლებლების, სტუდენტებისა და ბიზნესპარტნიორების წარმატების ისტორიების წარმოჩენით.