geo eng
სკოლის დირექტორებისთვის “სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართა

2018-09-24

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს” მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტმა, რომელსაც სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს, 22-23 სექტემბერს საჯარო სკოლის დირექტორების მეორე საერთაშორისო სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციას“ უმასპინძლა.    

კონფერენციის მიზანი სკოლის მართვისა და ლიდერობის საკითხებზე საქართველოში დაგროვებული და ასევე საერთაშორისო საუკეთესო გამოცდილების გაზიარება იყო.

კონფერენციაზე 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორი და 50-ზე მეტი განათლების სპეციალისტი, საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. აღნიშნული ღონისძიება განთლების სპეციალისტებს აძლევს შესაძლებლობას, ერთმანეთს სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით  საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარონ და განათლების მართვის სფეროში არსებული ტენდენციების, მიღწევებისა და გამოწვევების შესახებ იმსჯელონ.

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ სკოლის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ ისაუბრა.  

მოწვეულმა ექსპერტებმა გერმანიიდან, ნიდერლანდებიდან და სამხრეთ აფრიკიდან იმსჯელეს სკოლის თვით-შეფასებისა და ხარისხის კონტროლის მექანიზმებზე სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად, ასევე საერთაშორისო  კვლევების მონაცემების გამოყენებაზე სკოლის მართვისა და პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ნიდერლანდების საჯარო სკოლის დირექტორმა ისაუბრა  პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული დაგეგმვის პროგრამაზე საშუალო სკოლის ბაზაზე.    

„იმედი გვაქვს, რომ თქვენ, დირექტორები აქტიურად განაგრძობთ თანამშრომლობას, სკოლებში სიახლეების შეტანას, ხელს შეუწყობთ თანამედროვე, 21-ე საუკუნის სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვას, რაც,  სასიკეთოდ აისახება მოსწავლეების აკადემიურ მიღწევებსა და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე. ჩვენი ფონდის მისიაა, ხელი შევუწყოთ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმების განხორციელებას და დავნერგოთ  შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროგრამები ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის.  ადამიანური კაპიტალის განვითარება დღეს საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია,“ განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს - აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძემ.

“ვისაუბრეთ ზოგად, და საერთაშორისო პრაქტიკაზე სკოლის წარმატებული მართვის მიმართულებით. ვიმსჯელეთ იმ გეგმებზე, რომელიც აქვს განათლების სამინისტროს ზოგად განათლებაში მართვის გასაუმჯობესებლად. ასევე გავეცანით სხვადასხვა სკოლების გამოცდილებას, რაც უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა სკოლების დირექტორებისთბის. ეს განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენაა მიმართული“ - აღნიშნა განათლების, მეცნიერების, სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძემ.

„წარმატებული სკოლის ლიდერი სწორედ ისეთი სასწავლო გარემოს ჩამოყალიბებას უნდა უწყობდეს ხელს, რომელიც მოსწავლეს შესაბამისი უნარ-ჩვევებისა და კომპეტენციების განვითარებაში დაეხმარება, რათა მან შეძლოს არა მხოლოდ აწმყოში არსებულ გამოწვევებსა და მოთხოვნებთან გამკლავება, არამედ ახალ გარემოსთან ადაპტირება და წარმატების მიღწევა. შესაბამისად, XXI საუკუნის სკოლის დირექტორი უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს სასწავლო ლიდერი. მას უნდა შეეძლოს მისაღწევი შედეგების სწორად განსაზღვრა, მიზნის მისაღწევად საჭირო რესურსისა და მხარდაჭერის უზრუნველყოფა, ასევე მიღწეული შედეგების მუდმივი მონიტორინგი და კრიტიკული შეფასება სკოლის უწყვეტი განვითარებისთვის,“ განაცხადა სწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის მენეჯერმა ნატალია ედიშერაშვილმა. 

კონფერენციის მეორე დღე დაეთმო კონკურსის წესით შერჩეული საჯარო სკოლების დირექტორების პრეზენტაციებს და განიხილეს ინკლუზიური განათლებისა და თანასწორობის ხელშეწყობის გზები, სკოლაში ძალადობის, პრევენციისა და მასზე რეაგირების საშუალებები.