geo eng
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში წელს ჩარიცხულ ათ წარჩინებულ სტუდენტს გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი დააფინანსებს

2018-07-19

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაგდა მაღრაძემ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში, ჰალილ გუვენმა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის დირექტორმა, ზურაბ კერვალიშვილმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური (STEM) დარგების პოპულარიზაციას და განვითარებას, ისეთი აქტივობების განხორციელებით, როგორიცაა სასწავლო სტიპენდიები წარჩინებული სტუდენტებისთვის, ყოველწლიური პროფესიული განათლების ჯილდოს, კონფერენციის  და პროგრამების მხარდაჭერა და სხვა. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ამერიკულ საბაკალავრო პროგრამებზე წელს ჩარიცხულ ათ წარჩინებულ სტუდენტს სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან კი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი სრული სასწავლო სტიპენდიით დააჯილდოვებს.

„სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ერთადერთი ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც საქართველოში საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს. სწავლის საფასური აშშ-ის სტანდარტებთან დაახლოებულია და ყველა სტუდენტი ვერ ახერხებს მის გადახდას. ამიტომ, ჩვენ შევქმენით ფონდი, რომლის ფარგლებშიც ვაფინანსებთ წარჩინებულ სტუდენტებს და ვაძლევთ სრულს სტიპენდიას“ - აღნიშნა მაგდა მაღრაძემ.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ინოვაციური პროექტებიც. დამამთავრებელი კურსის სტუდენტებმა დამსწრე საზოგადოებას საკუთარი წარმატების ისტორია გაუზიარეს და განათლების სფეროში კერძო სექტორის ჩართულობის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
 

კერძო და საჯარო სექტორთან თანამშრომლობის მიზნით, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ინიციატივით, შეიქმნა კერძო და საჯარო სექტორთან პარტნიორობის ფონდი (PPPF). აღნიშნული ფონდის ფარგლებში SDSU საქართველო უკვე თანამშრომლობს წამყვან კომპანიებთან და ფონდებთან რათა მოიზიდოს დამატებითი თანხები სტიპენდიებისთვის, რაც საშუალებას მისცემს სტუდენტებს, მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების უმაღლესი განათლება საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიურ დარგებში.