geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს, სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტს, ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და ანაკლია სითის შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2018-06-05

“ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს”, სან დიეგოს სახელწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა” და “ანაკლია სითის”  შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მხარეებს შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსისტეტთან აქტიურ თანამშრომლობასა და სტუდენტების სამომავლო დასაქმებას ითვალისწინებს.

ანაკლიის პორტისა და ეკონომიკური ზონის განვითარების ფარგლებში, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი და კურსდამთავრებული სპეციალისტები ფაზების მიხედვით  დასაქმდებიან.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები მიზანად ისახავენ ხელი შეუწყონ საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული კადრების მომზადებასა და შემდგომში მათ დასაქმებას, რაც ქვეყანაში განათლების ხარისხის გაზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

“ათასწლეულის გამოწვევის ფონდი  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად ახორციელებს პროგრამას, რომლის მიზანიც საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამების საქართველოში დანერგვა, საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიური საგანმანათლებლო პროგრამების ამერიკული აკრედიტაცია და ადამიანური რესურსის გაძლიერებაა. აღნიშნული მემორანდუმის მიზანი გახლავთ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის  მიერ დაწყებული 42 ახალი  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებმა შეძლონ სტაჟირება გაიარონ და დასაქმდნენ ანაკლიაში პორტის და ასევე, თავისუფალი ეკონომიკური ზონის ფარგლებში შექმნილ სამსახურებში”. - განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

“ანაკლიის პორტი მომდევნო 10 წლის განმავლობაში რამდენიმე ათას ადამიანს დაასაქმებს. განათლების ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლოა როგორც დამსაქმებლისათვის, ასევე დასაქმებულისთვის. ჩვენ დიდი, მრავალწლიანი გეგმა გვაქვს, ამიტომ ძალისხმევას პირველ რიგში, ადამიანების განათლების ამაღლებასა და მაღალპროფესიული კადრების შექმნაში ვდებთ”, - განაცხადა “ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ.