geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და განათლების საერთაშორისო ცენტრს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2018-05-04

4 მაისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ქიმიური საზოგადოების ინიციატივით (GCS) გაიმართა საერთაშორისო მინი-სიმპოზიუმი, რომლის  ფარგლებში  ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვილიამ ტონგმა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, დოქტორ ვოლტერ ოშელმა და განათლების საერთაშორისო ცენტის აღმასრულებელმა დირექტორმა, ნინო ჭელიძემ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

„მემორანდუმის მთავარი მიზანია, ქართველ სტუდენტებს მიეცეთ საშუალება სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის კალიფორნიის კამპუსში გააგრძელონ სწავლა სამაგისტრო და სადოქტორო ხარისხის მოსაპოვებლად. ეს უნიკალური შესაძლებლობა დაფინანსებულია განათლების საერთაშორისო ცენტისა და სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ.“  - მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

თანამშრომლობის მემორანდუმი ითვალისწინებს საგანმანათლებლო პროცესში საერთაშორისო თანამშრომლობის დანერგვას, განმტკიცებას და განვითარებას და სან დიეგოს უნივერსიტეტის ბაზაზე მაღალი დონის სპეციალისტების მომზადებას, ქართველი სტუდენტების  სან დიეგოს უნივერსტიტეტში აკადემიურ საქმიანობაში მხარდაჭერას.

განათლების საერთაშორისო ცენტრი, სსიპ- ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო და სან დიეგოს უნივერსიტეტი ერთობლივად დაგეგმავენ და ითანამშრომლებენ საერთო პროგრამის სახელმძღვანელო პრინციპებზე, ვადებსა და პირობებზე საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტების ფინანსური მხარდაჭერის უზრუნველყოფის მიზნით.

„მემორანდუმის სამივე მხარე აქტიურად და მონდომებით არის ჩართული მემორანდუმის პირობების განხორციელებაში. მჯერა წარმატებული აღმოჩნდება ეს თანამშრომლობა და ბევრი ახალგაზრდისთვის უნიკალური შანსი იქნება.“  - აღნიშნა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვილიამ ტონგმა.

საერთაშორისო მინი სიმპოზიუმი ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ღონისძიებაზე დასასწრებად სპეციალური მოწვევით იმყოფებოდნენ ქიმიისა და ბიოქიმიის მიმართულებით გამოჩენილი მეცნიერები სან დიეგოს უნივერსიტეტიდან, კალიფორნია.  ღონისძიების ინიციატორები არიან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში, ამერიკული ქიმიური საზოგადოება და SDSU-G სტუდენტური chapter.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) ასწლიანი ისტორიის მქონე ამერიკული უნივერსიტეტია. ის ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიის შტატში. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი, აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოში 2015 წლიდან სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საინჟინრო, სამშენებლო და საბუნებისმეტყველო დარგების განვითარებასა და მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას.

განათლების საერთაშორისო ცენტრი დაარსდა 2014 წელს და 2014-17 წლებში 500 - ზე მეტი  სასწავლო სტიპენდია გასცა საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებისთვის. მათმა ნაწილმა უკვე დაასრულა საზღვარგარეთ სწავლა, დაბრუნდა ქვეყანაში და მიღებული ცოდნის რეალიზებას საკუთარ ქვეყანაში განაგრძობს.