geo eng
სკოლის დირექტორებისთვის სკოლის მართვისა და ლიდერობის ორდღიანი კონფერენცია ჩატარდა

2017-09-10

9-10 სექტემბერს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, საჯარო სკოლის დირექტორებისთვის ორდღიანი სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია“ გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, აშშ-ის ელჩის მოადგილემ ელიზაბეთ რუდმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა.

კონფერენციაზე 200-ზე მეტი საჯარო სკოლის დირექტორმა და 50-ზე მეტმა განათლების სპეციალისტმა, საჯარო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობას. ღონისძიება განთლების სპეციალისტებმა ერთმანეთს სკოლის მართვისა და პროფესიული განვითარების მიმართულებით  საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს და განათლების მართვის სფეროში არსებული ტენდენციებზე, მიღწევებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენციის მონაწილეებმა გამართეს დისკუსია შემდეგ თემებზე: სკოლის დირექტორის როლი მოსწავლეზე ორიენტირებული სისტემის შექმნაში; 21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები და გამოწვევები; სკოლის ეფექტური და ეფექტიანი მართვა; სასკოლო სერვისების განვითარება; სკოლაში ინოვაციების დანერგვა და პროფესიული განვითარების მრავალფეროვნების მნიშვნელობა. ბრიტანეთიდან და აშშ-იდან მოწვეულმა მომხსენებლებმა იმსჯელეს სკოლის ლიდერის როლზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სწავლების გაძლიერებაში, სკოლის განვითარებისთვის პრიორიტეტების განსაზღვრასა და რესურსების განაწილებაზე.

„21-ე საუკუნის სკოლის მახასიათებლები უკვე სრულიად სხვა გამოწვევების წინაშე აყენებს როგორც სკოლის დირექტორს, ისე მასწავლებელს. ჩვენ ვმუშაობთ, რომ ექსკლუზიური, განახლებული ცოდნა მივაწოდოთ სასკოლო საზოგადოებას. მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტი სწორედ ამ სიახლეზეა ორიენტირებული და ეს მოსწონთ პროექტში ჩართულ პედაგოგებს. ყოველივე ამას მივყავართ პროექტის ძირითადი მიზნისკენ  - მოსწავლეებმა თავი იგრძნონ უკეთეს გარემოში, მიიღონ უკეთესი ცოდნა, რაც მათ სამომავლო პერსპექტივებზე აისახება,“ განაცხადა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების  ეროვნული ცენტრის დირექტორმა გიორგი მაჩაბელმა.

ჩვენი ფონდის მისიაა, ხელი შევუწყოთ საქართველოში მიმდინარე განათლების რეფორმებს და დავნერგოთ პროგრამები შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი ადამიანური კაპიტალის განვითარებისთვის.  ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ზოგადი განათლების პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს 21-ე საუკუნის სკოლის მოდელის დანერგვა.  შესაბამისად, ლიდერობის აკადემია გვაძლევს დირექტორებისა და სკოლის ბაზაზე მოქმედი ფასილიტატორების პროფესიული განვითარების შესაძლებლობას, იმისათვის, რომ წარმატებით და ეფექტიანად მოხდეს ჩვენი საჯარო სკოლების მართვა და 21-ე საუკუნის მოთხოვნების შესაბამისი, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის წარმართვა. განაცხადა ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს, აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.

სკოლის მართვისა და ლიდერობის კონფერენცია ჩატარდა ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ზოგადი განთლების „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითრების პროექტის“ ფარგლებში.  2016 წლის აგვისტოდან დაიწყო ლიდერობის აკადემია, რომელიც 2018 წლამდე საჯარო სკოლების დირექტორებს სთავაზობს პროფესიული განვითარების გრძელვადიან კურსს. ლიდერობის აკადემიის პირველი ეტაპი გაიარა 1700-ზე მეტმა საჯარო სკოლის დირექტორმა. ლიდერობის აკადემიის ფარგლებში დაგემგილია ყველა საჯარო სკოლის დირექტორის გადამზადება.