geo eng
გრძელდება მასწავლებლების ინფორმირება თანასწორი სასწავლო გარემოს შექმნის საკითხებზე

2017-07-06

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო და გაეროს ქალთა ორგანიზაცია ერთობლივად აგრძელებენ ტრენინგებს გენდერული თანასწორობის საკითხებზე განათლებაში სკოლის მასწავლებლებისა და დირექტორების ინფორმირების მიზნით. 

მასწავლებელი წამყვანია ყველა საკლასო ოთახში. მასწავლებელს დიდი როლი ენიჭება მოსწავლის აკადემიურ წარმატებებში. მათ მიერ დამუშავებული სასწავლო პროგრამა, ურთიერთობა მოსწავლესთან და სასწავლო დავალებების მიცემა წარმოადგენს სასწავლო პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის „მასწავლებლების პროფესიული განვითარების“ პროექტის ფარგლებში დიდი ყურადღება ეთმობა მასწავლებლების გენდერულ დამოკიდებულებებს და თანასწორი სასწავლო გარემოს შექმნის აუცილებლობას.    

1-2 ივლისს ჩატარებულ ტრენინგს დაესწრნენ პროექტის განხორციელებისთვის შერჩეული ტრენერები, რომლებიც მუშაობენ საქართველოს სკოლების საბუნებისმეტყველო საგნების, მათემატიკის, ინგლისური ენისა და  საინფორმაციო ტექნოლოგიების მასწავლებლებთან და საჯარო სკოლების დირექტორებთან.

სწრაფად განვითარებად სამყაროში, რომელშიც პროგრესი ცოდნას ემყარება ქალების მონაწილეობას ეკონომიკის ყველა სფეროში დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ამოცანაა ხელი შეუწყოს ისეთი სასწავლო გარემოს შექმნას, სადაც გოგოებს და ბიჭებს სწავლის, ინტერესების გაღვივებისა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობები ეძლევათ.

სატრენინგო პროგრამაში ყურადღება გამახვილებული იყო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: გენდერული განსხვავებები და თანასწორობა, გენდერულად მიუკერძოებელი და არადისკრიმინაციული სასწავლო პროცესის წარმართვა, გენდერულად მგრძნობიარე და არა-სტერეოტიპული მიდგომები.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო გენდერულ უთანასწორობას მიიჩნევს ეკონომიკის ზრდის და სიღარიბის აღმოფხვრის ერთ-ერთ დამაბრკოლებელ ფაქტორად. გენდერული და სოციალური თანასწორობის ასპექტები გათვალისწინებულია კომპაქტის ფარგლებში დაგეგმილი პროგრამების განხორციელების ყველა ეტაპზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას თანასწორი წვდომა კომპაქტის რესურსებზე.