geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კომპაქტის ფარგლებში მიმდინარე პროექტებს გაეცნო

2017-06-21

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი სონია შარიგიანი და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ნინო ჩინჩალაძე 19 ივნისს ბათუმში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა გახსნეს მათემატიკისა და ინგლისური ენის მომავალი ტრენერების ტრენინგი, რომელიც ბათუმში ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს.

საგნობრივი მეთოდიკის  ტრენინგები  2017 წლის აგვისტოსა და სექტემბერში მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდება და 7000-ზე მეტი, VII-XII კლასების მათემატიკის, ქიმიის, ფიზიკის, ბიოლოგიის, გეოგრაფიისა და ინგლისურის ენის,  საჯარო სკოლის მასწავლებელი გადამზადდება.  მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტს სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახორციელებს და  ამ ეტაპზე 179 ტრენერი არის გადამზადებული.

აჭარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან ინგა შამილიშვილთან ერთად ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიას ეწვივნენ. სტუმრები გაეცნენ ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოს მუშახელისა და პროფესიული განათლების დახმარების სტრატეგია (G-WAVES)“ მიმდინარეობას. პროექტი, რომელიც ათასწლეულის გამოწვევის ფონდისგან 1.4 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა, მიზნად ისახავს საზღვაო ინდუსტრიაში მოთხოვნადი სასწავლო პროგრამების განვითარებას. პროექტის ფარგლებში, ბათუმის საზღვაო აკადემიაში ოქტომბრიდან სტუდენტების მიღება ოთხ ახალ პროფესიულ პროგრამაზე დაიწყება: მეთევზე მეზღვაური, ლოგისტიკის და პორტის მენეჯმენტი, ამწე-კრანის ოპერატორი და შემდუღებელი. პროგრამები შემუშავებული იქნება საერთაშორისო პარტნიორთან Pearson-თან თანამშრომლობით. დამატებით, აკადემია აღიჭურვება თანამედროვე ლაბორატორიებითა და სიმულატორებით. პირველ წელს ჯამში 160 სტუდენტის მომზადებაა დაგეგმილი. 

19 ივნისის ოფიციალური ღონისძიებები საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანის დოქტორი კენ უოლშის საჯარო ლექციით „სამოქალაქო ინჟინერია და მისი როლი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში“ დასრულდა.

საჯარო ლექცია ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა და ესწრებოდნენ აბიტურიენტები, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.

დოქტორმა უოლშმა ისაუბრება სამოქალაქო ინჟინერიის მნიშვნელობაზე  და ახსნა თუ რატომ უწოდებენ სამოქალაქო ინჟინერიას ხშირად ხალხის პროფესიას. ამ პროფესიაზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება როგორც საქართველოში, აგრეთვე მსოფლიოში.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, 2015 წლიდან სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს.