geo eng
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს კუთხე გაიხსნა

2017-04-26

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს დღეების ფარგლებში, 26 აპრილს გამოფენა „GEORGIA: Building the Future on a Vibrant Past“ გაიხსნა. გამოფენა ერთი თვე  გაგრძელდება და დამთვალიერებლებს ექნებათ შესაძლებლობა, იხილონ წარმოდგენილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული დმანისის არქეოლოგიური მასალის, ოქროსა და ღვინის ექსპონატების ამსახველი ვიზუალური მასალა; ასევე, არქეოლოგიური მასალის მოტივებზე შექმნილი სამკაული და ღვინის ჭურჭელი, ქართული ეროვნული ბალეტის „სუხიშვილი“ საცეკვაო კოსტუმები და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის და თიბისი ბანკის მიერ მოწოდებული საქართველოს ისტორიის, კულტურული მემკვიდრეობისა და ენის შესახებ წიგნები.

გამოფენას ესწრებოდნენ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორმა პროფესორმა ჩუკუკა ენვემეკამ, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს დეკანმა კენ უოლშმა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, ქალაქ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, აშშ-ში საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯონათან ნეშმა. ღონისძიება საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის პროფესორ დავით ლორთქიფანიძის საჯარო ლექციით დასრულდა.

ღონისძიების დასასრულს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის  ინიციატივით, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისა და თიბისი ბანკის მიერ საქართველოს დღეებისთვის გამოყოფილი ისტორიული წიგნები გადაეცა.

სან დიეგოში საქართველოს დღეები 24-26 აპრილს გაიმართა.  ღონისძიება ეძღვნებოდა აშშ და საქართველოს 25 წლის დიპლომატიური ურთიერთობის იუბილეს და აშშ-ში ჩვენი ქვეყნის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციის ხელშეწყობას ემსახურებოდა. საქართველოს დღეების ფარგლებში,  აშშ-ში ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები.

სან დიეგოში საქართველოს დღეების შესახებ იხილეთ ამერიკის ხმის სტატია.