geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდის საქმიანობის გაცნობა გლდანი - ნაძალადევის რაიონის სკოლის მოსწავლეებისათვის

2017-02-17

17 თებერვალს, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო კილაძე და სსიპ ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი, მაგდა მაღრაძე თბილისის 113-ე საჯარო სკოლა ესტუმრნენ. ვიზიტის ფარგლებში, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლებმა გლდანი - ნაძალადევის სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ფონდის საგანმანათლებლო პროექტები წარუდგინეს.  

სკოლის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა მიიღეს ინფორმაცია სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის, პროფესიული განათლების პროგრამებისა და ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შესახებ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველო,  სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, რომ საქართველოში მიიღონ მაღალი ხარისხის ამერიკული განათლება და დიპლომი. უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე შემდეგ საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში: კომპიუტერული მეცნიერებები, ელექტრული ინჟნერია, კომპიუტერული ინჟინერია, ქიმია/ბიოქიმია, სამრეწველო და სამოქალაქო ინჟინერია.

გლდანი - ნაძალადევის სკოლების მოსწავლეები ასევე გაეცნენ პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობებს საქართველოში. ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველო „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, 12 მილიონი აშშ დოლარის საგრანტო თანხით აფინანსებს ათ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომლებიც შექმნიან ან გააუჯობესებენ შრომის ბაზრის მოთხოვნის შესაბამისს 47 საგანმანათლებლო პროგრამას ინჟინერიის, მშენებლობის, ტექნოლოგიების, სოფლის მეურნეობისა და ტურიზმის დარგებში. 

მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის შესახებ, რომელიც საქართველოში 2014 წლიდან ხორციელდება, აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის მეგობარია კომპანია ჯეოსელი. ათასწლეულის  ინოვაციის კონკურსი ემსახურება ახალგაზრდებში ინოვაციური იდეებისა და პროექტების განხორციელების წახალისებას საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების სფეროში. კონკურსის გამარჯვებული გუნდი, ყოველწლიურად მიემგზავრება NASA-ში, საერთაშორისო ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად.