geo eng
12 საჯარო სკოლა თანამედროვე საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღიჭურვა

2017-01-20

ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა, ზოგადი განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვის პროექტი დაიწყო. პროექტის  მიზანია მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების გაუმჯობესება საბუნებისმეტყველო  საგნებში და სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლება.

ამჟამად, 2016 წელს, ფონდის მიერ პირველი სარეაბილიტაციო სეზონის შედეგად დასრულებული ბებნისის, გორის #5, ზერტის, თიანეთის #1, ოკამის, საქაშეთის, სკრის, ტინისხიდის, ტყვიავის, ფხვენისის, ძეგვისა და ხიდისთავის საჯარო სკოლების თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვა მიმდინარეობს. სკოლებისათვის შეძენილ იქნა 140-მდე დასახელების აღჭურვილობა. აღსანიშნავია, რომ ფონდის მიერ რეაბილიტირებულ სკოლებში მოწყობილი საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები აღჭურვილია თანამედროვე ტექნიკითა და ინვენტარით. დამონტაჟებულია ჰაერის გამწოვი სპეციალური მოწყობილობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს მოსწავლისა და მასწავლებლის უსაფრთხო სასწავლო გარემო.

აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიები სრულიად აკმაყოფილებს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მიზნებსა და მოთხოვნებს. შესაბამისად, აღნიშნულ საჯარო სკოლებში, ლაბორატორიული აღჭურვილობის რაოდენობა, ოთახის მოწყობა, მაგიდების და სველი წერტილების განლაგება, საშუალებას აძლევს თითოეულ მოსწავლეს, რომ უშუალოდ ჩაატაროს ექსპერიმენტი და შეიმეცნოს სხვადასხვა ფიზიკური თუ ქიმიური მოვლენა. ლაბორატორიული სწავლება შესაძლებლობას მისცემს ყველას მოსწავლეს, რომ პრაქტიკულად განახორციელონ ცდები, დაგეგმონ, ჩაატარონ  ექსპერიმენტები და გააკეთონ დასკვნები ამა თუ იმ ბუნებრივ მოვლენაზე.

გარდა ამისა, სკოლები აღჭურვილია უსაფრთხოებისთვის საჭირო  ყველა აუცილებელი ნივთით. რეაბილიტირებული სკოლის ყველა  მასწავლებელმა გაიარა ლაბორატორიების უსაფრთხოდ მოხმარების ტრენინგები.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ რეაბილიტირებული საჯარო სკოლების საბუნებისმეტყველო ლაბორატორიებით აღჭურვა ეტაპობრივად მოხდება. მთლიანად, კომპაქტის ფარგლებში, დაგემილია 100–მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.