geo eng
აშშ-ის მთავრობა საქართველოში პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამსაქმებლების შორის თანამშრომლობის დაფინანსებას განაგრძობს

2016-12-06

6 დეკემბერს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველომ „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ პროექტის ფარგლებში, პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის II რაუნდის პრეზენტაციას გამართა. პროექტი დაფინანსებულია აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში.

პრეზენტაციის მონაწილეებს მიესალმენ მაგდა მაღრაძე, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი; ქეთევან ნატრიაშვილი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე; ჯენერ ედელმანი, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი.

საგრანტო კონკურსის მიზანია საუკეთესო პრაქტიკის გამოვლენა, რომელიც გაზრდის პროფესიული განათლების მიმზიდველობას ახალგაზრდებში და ზრდასრულებში. გრანტის მოცულობა 5,000 აშშ დოლარიდან - 25,000 აშშ დოლარამდეა. საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებას, რომელიც ჩართულია როგორც ფორმალურ, ასევე არაფორმალურ განათლებაში და სხვა ორგანიზაციებს, მათ შორის საჯარო და კერძო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, კომპანიებს, პროფესიულ და არასამთავრობო ორგანიზაციებს. 

პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის  (STPP) შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე 

საგრანტო განაცხადის ფორმა 

პროექტის პირველ რაუნდში, დაფინანსდა შვიდი პროექტი, საერთო ღირებულებით 70,000 აშშ დოლარი. 2016 წელს დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, დაინერგა პირველი ფართო-მასშტაბიანი ელექტრონული სასწავლო კურსი „ინფორმაციულ ტექნოლოგიებში“, გამოვლინდა კერძო სექტორისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის ახალი მიდგომები და საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, შემუშავდა ახალი მეთოდოლოგიური დოკუმენტები შეფასებისა და კარიერული დაგეგმვის მიმართულებით.