geo eng
ათასწლეულის გამოწვევის ფონდს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

2016-12-05

5 დეკემბერს საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საინვესტიციო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამარ ლილუაშვილმა, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში კენ უოლშმა და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ.  

ხელმოწერის ცერემონია გაიმართა საქართველოს საინვესტიციო სააგენტოში. მემორანდუმის მიზანია ადამიანური კაპიტალის განვითარების ხელშეწყობა,  რაც უზრუნველყოფს საქართველოს ეკონომიკურ ზრდას; საინჟინრო ტექნოლოგიური და საბუნებისმეტყველო  და სხვა სფეროში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებულ პირთა მოთხოვნების შესაბამისად კადრების გადამზადება სტაჟირების მეშვეობით.  

საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით დაინტერესებული კომპანიების ინტერესი იზრდება, ხოლო მათი წარმატებისთვის, მნიშვნელოვანია კვალიფიციური ინჟინრებისა და ტექნოლოგების მოძიება და დასაქმება. შესაბამისად, საინვესტიციო სააგენტო, მემორანდუმის ფარგლებში, ხელს შეუწყობს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ დაფინანსებული სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის და პროფესიული განათლების პროექტის შედეგად მომზადებულ სტუდენტების სტაჟირებისა და შემდგომში მათი დასაქმების პროცესს შესაბამის კომპანიებში.  აღნიშნული მიზნების წახალისების მიზნით განხორციელდება ერთობლივი ღონისძიებები, მათ შორის ბიზნეს ფორუმები და კონფერენციები.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის უმაღლესი განათლების პროექტის ფინანსური მხარდაჭერით 2015 წელს საქართველოში ფუნქციონირებას შეუდგა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს წარმომადგენლობამ. კალიფორნიის ეს წამყვანი უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს.